top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით

ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში, იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპონენტებმა, მათ შორის, პროტესტის მონაწილეებმა იციან, რომ არაფერში არიან მართლები და არ მიდიან ამ წინადადებაზე.

„ჩვენ საუბარი გვექნება მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციასთან. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მით უმეტეს, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით. ისინი პირდაპირ წავიდნენ სისტემის წინააღმდეგ. გამოუცხადეს საბოტაჟი სისტემას. მათთან ბუნებრივია, არაფერი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ვინც ეს საბოტაჟი არ გამოაცხადა, გნებავთ იყოს არასაპარლამენტო, მაგრამ თუ არ იყო ჩართული საბოტაჟში, მათთან ვისაუბრებთ. დაახლოებით ათი განცხადება გავაკეთე, ხან ბრიფინგზე, ხან მთავრობის სხდომაზე. ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში. გონივრული ფორმატი შევარჩიოთ, ათი კაცი დამიჯდეს, გინდა საჯაროდ, გინდა არასაჯაროდ. მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა და რომლებიც არ იღებენ ფულს აგენტურული საქმიანობისთვის. ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს, მოვიდნენ ადამიანები, ვისაც მოსწონს ხაზარაძე, გიჟდება გვარამიაზე, მოვიდნენ. ნებისმიერ ფორმატში. ამაზე გახსნილი ხელისუფლება მე არ ვიცი, სადმე თუ არის. იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა. საჯაროდ თუ არასაჯაროდ. რატომ არ გველაპარაკება არავინ, იმიტომ, რომ მათ, იციან, მათ შორის ამ პროტესტის მონაწილეებმა რომ არაფერში არ არიან მართლები. როგორ შეიძლება, მოლდოვა და საქართველო ერთად დააყენო და მოლდოვას მისცე კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი თუ ასე აწუხებდათ, ხომ უსამართლოდ არ მოგვცეს სტატუსი, სადმე რაიმე გააპროტესტეს? რომ ამბობდნენ, რომ USAID-ი და NED-ი თუ დაიხურება ქვეყანაში, ეს ქვეყანა დაიქცევაო, სადმე გააპროტესტეს, როდესაც აშშ-მ დახურა USAID-ი და NED-ი? ხომ ყველაფერი ფარისევლობა და სიყალბეა?“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ