შალვა პაპუაშვილი: ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი, მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსებისშემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს
„რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელმა, მსგავსი ზიზღის ენა გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. მაშინ საჯაროდ მოვუწოდე ელჩს, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ელჩი ამ პასუხისმგებლობას გაექცა“, – ამის შესახებ სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.
ამგვარი ზიზღის გამოვლენა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცალკეული რადიკალი აქტივისტის დაზიანებული ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. მას კონკრეტული ამოცანა აქვს – სამიზნეში ამოყვანილი ჟურნალისტის დაშინება, შევიწროება, დათრგუნვა.
ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი. მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსებისშემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს“, – წერს პაპუაშვილი.