ალექსანდრე წულაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. მშენებლობის გარდა, 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც მოხდა
ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. მშენებლობის გარდა, განვახორციელეთ 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
„დღეს კახეთის რეგიონში სამ განახლებულ სკოლაში დაიწყო და გაგრძელდა სწავლა. ჩვენთვის მთავარია არა მარტო ის, რომ განახლდა ინფრასტრუქტურა, არამედ კონცეპტუალურად განახლდა სასკოლო პროცესი. განახლებულ შენობებში იქნება როგორც ციფრული, ისე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ყველა განახლებულ სკოლაში არის მოწყობილი როგორც ექთნის, ექიმის კაბინეტი, ასევე სხვა საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური რესურს ოთახები. ეს არის აბსოლუტურად განახლებული კონცეფციით შექმნილი სკოლები. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო ახორციელებს ახალი სასკოლო სტანდარტების დამტკიცებას, შესაბამისად, განვაახლებთ იმ სასკოლო პროგრამებს, რომელიც ხორციელდება საბაზო საფეხურზე საჯარო სკოლებში. განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ზრუნვის საგანია მასწავლებლები, მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გარემო. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან ბევრი და სასიამოვნო სიახლეები დაგეგმილი, მქონდა საშუალება, რომ მესაუბრა დღეს მასწავლებლებთან შეხვედრისას“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 40 ათასამდე მოსწავლე ამ ყველაფრის ბენეფიციარი. მიმდინარე წელს დაახლოებით 50-მდე სკოლის გახსნას ვვარაუდობთ. სრული რეაბილიტაციის და მშენებლობის გარდა, განვახორციელეთ 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესია“, – აღნიშნა წულაძემ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში ახალი სკოლა აშენდა, ხოლო ზემო ალვანსა და სოფელ საქობოში ორი საჯარო სკოლა დღეს მინისტრმა გახსნა.