არჩილ გორდულაძე დაყადაღებულ ფონდებზე: ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ფონდები, რომელთა ანგარიშებიც დაყადაღებულია, საქართველოში სამართალდარღვევებს პირდაპირ აფინანსებდნენ.
„ამ ადამიანების მიზანი იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩამოეშალათ სახელმწიფო და არ უნდა ემუშავა კანონს, არ უნდა ემოქმედა კანონიერებას. ფაქტია, რომ ეს ადამიანები აფინანსებდნენ სამართალდარღვევებს. იმას კი არ ამბობდნენ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო დაცული და კანონდარღვევა არ უნდა მომხდარიყო, პირიქით, ამ ყველაფერს თვითონვე აფინანსებდნენ. ჩვენ ვნახეთ მათსავე ოფისებში, მათთან დაახლოებული სუბიექტების ოფისებში პირდაპირ ამოიღეს პიროტექნიკა და სხვა აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც მერე ძალადობრივ აქციებში გამოიყენებოდა. ამავდროულად, მათ ჰქონდათ დამატებითი ფონდები იმისათვის, რომ სამართალდარღვევა პირდაპირ დაეფინანსებინათ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.