ზაზა თაბაგარი: კრიპტოვალუტის კონვერტაციისა და ღია ბანკინგის საშუალებით გადახდა საქართველოს ბიზნესისა და გადამხდელების თვალში ინოვაციურად წარმოაჩენს
კრიპტოვალუტის კონვერტაციისა და ღია ბანკინგის საშუალებით გადახდა ბაზარზე კონკურენციას ზრდის და ქვეყანას ბიზნესისა და გადამხდელების თვალში ინოვაციურად წარმოაჩენს, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა.
„შემოსავლების სამსახურისა და კერძო სექტორის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად დღეს უკვე შესაძლებელია სახელმწიფო გადასახადების ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა საგადასახადო და საბაჟო სერვისების გადახდა, კრიპტოვალუტების კონვერტაციისა და ღია ბანკინგზე დაფუძნებული სისტემების გამოყენებით. გადახდის აღნიშნული შესაძლებლობის შეთავაზება ერთის მხრივ ზრდის ბაზარზე კონკურენციას, ხოლო მეორე მხრივ, სამსახურს და ზოგადად ქვეყანას წარმოაჩენს ინოვაციურად, როგორც ბიზნესის, ასევე გადამხდელების თვალში“, – განაცხადა თაბაგარმა.
საქართველო, კერძოდ კი საქართველოს შემოსავლების სამსახური მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც დანერგა გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტის კონვერტაციისა და ღია ბანკინგის საშუალებით. გადასახადების გადახდის ეს ინოვაციური მეთოდები ახალ სტანდარტს ქმნის სახელმწიფოს ფინანსურ სერვისში. ახალი სტანდარტების დაწესებით საქართველო არა მხოლოდ ადაპტირდება ფინანსურ ტენდენციებთან, არამედ ლიდერია ამ ტენდენციებში.