სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო შემდგარი გუნდია, სამაგალითო გუნდია, რომლისგანაც სწავლა შეიძლება
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა ერთა ლიგის პლეი-აუტში საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა.
„მთავარი განსხვავება ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა. შეცდომები დავუშვით, რითაც მათ ისარგებლეს. 3 ინდივიდუალური შეცდომა სამ გოლად დაგვიჯდა. სომხეთის ნაკრები დღეს ასეთია.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ბურთით ძალიან კარგად თამაშობენ, ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება. კონკრეტულად ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, გუნდურად გამორჩეულია.
თამაშის საკვანძო მომენტებში სერიოზული შეცდომები დავუშვით, საქართველოს კი, შეუძლია მსგავსი შეცდომების გამოყენება და გამოიყენა კიდეც. ასეთი შეცდომების ფონზე რთული დადებითი შედეგის მიღწევა. ახლა ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა ცვლილებები იქნება მომდევნო მატჩში“, – განაცხადა ტ’სხიპმა.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული – C დივიზიონში.