პესკოვი უკრაინაზე დარტყმებს გამოეხმაურა
კრემლში უკრაინის, კერძოდ, ოდესის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთმა პირობა დადო, რომ მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორზე არ მიიტანდნენ იერიშს. შესაბამისი განცხადება კრემლის მმართველის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, მან ჯერ თქვა, რომ კიევს „არ შეიძლება ენდო“, შემდეგ კი აღნიშნა, რომ პუტინის ბრძანება დარტყმებისაგან თავის შეკავების შესახებ ძალაში რჩება და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას მიჰყვებიან.
„უზენაესი მთავარსარდლის ბრძანება მოქმედებს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად თავს იკავებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისგან, აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, გუშინ რუსულმა არმიამ ოდესას დრონებით შეუტია. ოკუპანტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს, ქალაქში კი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანდა და განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, ორი სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური, კერძო საწარმოს საწყობები, ჰიპერმარკეტი და მსუბუქი ავტომობილები. 17 წლის სამმა მოზარდმა დამწვრობა მიიღო. გარდა ამისა, ნოვოგოროდსკოეს სასაფლაოზე 50 საფლავი დაზიანდა, რომელთაგან სამი ათეული მთლიანად განადგურდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინას ორასზე მეტი დრონით და საჰაერო ბომბებით შეუტია. დაზარალდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები. ზაპოროჟიეში დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი. ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები დაზიანდა.