მაჭავარიანი ოპოზიციაზე: იციან, რომ განადგურდებიან, გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, რადგან მათი რეიტინგი განახევრებულია.
მისი თქმით, ოპოზიციამ მისსავე ამომრჩეველს გაუწბილა იმედები.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა ერთმანეთში კინკლაობით არიან დაკავებულები ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ იმოქმედებენ იმის მიხედვით, რასაც „დიფ სთეითი“ უკარნახებს.
„რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათ არ სურთ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ – განახევრებული. იმ რეიტინგთან შედარებით, რაც ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს.
ვინაიდან არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, გაუწბილეს ამომრჩეველს იმედი, ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, არჩევნები იყო გაყალბებული და დღემდე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დადეს და ამაშიც გაუწბილეს იმედები. აგრძელებენ დესტრუქციას და პირდაპირ ღიად აცხადებენ, სამარცხვინოდ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ის, რომ გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. ამის ფონზე მათ იციან კარგად, რომ სულ პატარა წარმატებასაც ვერ მიაღწევენ.
საპარლამენტო არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, 61 მანდატი სახუმარო საქმე არ იყო და ეს შეგვიძლია მათ წარმატებად ჩავთვალოთ, მაგრამ ახლა იციან, განადგურდებიან, გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში. არ უნდათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლუსტრირებული იყოს. მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული.
მეორე ნაწილიც არის, მაშინ როდესაც პრემიერს და პრეზიდენტს, ვინც ჩანიშნა ეს არჩევნები არალეგიტიმურად მოიხსენიებენ, მაშინ დგება მათი თავმოყვარეობის საკითხი ისევ მათივე ამომრჩევლის თვალში, რომ რანაირად უნდა მიიღონ ასეთ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა მათ რა თქმა უნდა, პოლიტიკური თავმოყვარეობა არ გააჩნიათ და ამ ნაბიჯსაც გადადგამენ ინსტრუქცია შესაბამისი თუ წამოვიდა.
რაც შეება იმას, თითქოს კინკლაობა არის მათში და ა.შ ესეც, რა თქმა უნდა, არის სპექტაკლის ნაწილი. ვადასტურებ, ძალიან დიდი ნაწილი ამ 4 რადიკალური პარტიის „ერთიანი კოლექტიური მოძრაობის“ ერთმანეთს ვერ იტანენ.
მათი გარე უფროსები, „დიფ სთეითი“, რომელიც დაკავებული არის უფრო მსხვილი საკითხებით ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიცია არის საქართველოში, როგორც კი მოიცლის მათთვის და ინსტრუქციებს გამოუშვებს, მოუწევთ, რა თქმა უნდა, ამ ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება. მთლიანად დამოკიდებულები არიან გარე ინსტრუქციებზე“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.