გიორგი მიქაუტაძე „ჯვაროსნების“ მეორე ბომბარდირი 4 წელიწადში გახდა
გიორგი მიქაუტაძემ ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებთან მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე რეკორდულად მცირე დროში დაწინაურდა.
ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა პირველად მეტოქეს 37-ე წუთზე გაუტანა, ხოლო მეორედ თავის გამოჩენა 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის პასით შეძლო.
ნაკრების ბომბარდირთა დავაში აქამდე მეორე-მესამე ადგილებს 17-17 გოლით თემურ ქეცბაია და ხვიჩა კვარაცხელია ინაწილებდნენ. 24 წლის მიქაუტაძეს მეორე ადგილზე ასასვლელად სულ რაღაც ოთხი წელიწადი ეყო – გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში 2021 წლის 25 მარტს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის წინააღმდეგ გამართა.
მან „ჯვაროსნების“ ფორმით 36 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
✔️ თამაში – 36
✔️ თამაში შეცვლაზე – 11
✔️ გოლი – 18
✔️ გოლი პენალტით – 4
✔️ საგოლე პასი – 2
საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:
1. შოთა არველაძე – 26 გოლი
2. გიორგი მიქაუტაძე – 18
3. თემურ ქეცბაია – 17
4. ხვიჩა კვარაცხელია – 17
5. ალექსანდრე იაშვილი – 15
6. თორნიკე ოქრიაშვილი – 13
7. ვაკო ყაზაიშვილი – 13
8. ლევან კობიაშვილი – 12
9. გიორგი დემეტრაძე – 12
10. ჯაბა კანკავა – 10