სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად ძლიერია
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან’ტ სხიპმა საქართველოსთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩამდე „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და თავისი გუნდის შანსებზე გულახდილად ისაუბრა. მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა.
“რაც შეეხება „აიაქსში“ ჩემი მწვრთნელობის დროს მიქაუტაძის თამაშს, იმ პერიოდში გიორგი იდეალურ კონდიციებში არ იყო, ამავე დროს ბრაიან ბრობსა და ჩუბა აკპომს გოლები გაჰქონდათ. გიორგისთვის ნახევარდაცვაში ადგილის მოძებნის მცდელობაც არ გამოვიდა შედეგიანი. ალბათ, უკეთესი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, საოცარ ფორმაში შევიდა. სომხეთის ნაკრები ცოტა ხნის წინ ჩავიბარე, მხოლოდ ერთი შეკრება მოვასწარით. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მომზადებულნი შევხვდეთ.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია და სხვა საფეხურზეა. რაც შეეხება მიზანს, გვსურს, წინსვლა გავაგრძელოთ და ის გზა გავიაროთ, რომელმაც საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანა. რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით წაგება გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუკეთესოდ არ მოქმედებს, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს – გუნდში ცუდი გარემო არ არის“, – განაცხადა მან.