top_leaderboard

„ერთა ლიგის“ პლეი ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 სძლია და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს.

შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და მისი ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა.

მე-4 წუთი – 1:0. საქართველოს ნაკრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში ჩაიჭრა.

მე-14 წუთი – 2:0. გიორგი ქოჩორაშვილის წამოწყებული კომბინაცია გიორგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა.

24-ე წუთი – 3:0. ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გასცდა, ბურთი მიქაუტაძეს გადააწოდა, მან კი ჩაკვეტაძე მონახა და გიორგიმაც ანგარიში სამამდე გაზარდა.

30-ე წუთი – 4:0. კვლავ ხვიჩას აქტიურობის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა მეოთხე გოლი გაიტანა.

35-ე წუთი – 5:0. ისევე როგორც ერევანში, გიორგი მიქაუტაძემ ამ მატჩშიც დუბლი შეასრულა და მე-20 სანაკრებო გოლი მიითვალა.

48-ე წუთი – 5:1. სომხეთის ნაკრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანა – თავი სევიკიანმა გამოიჩინა.

62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთის კარში მეექვსე გოლი გაიტანა, ეს საქართველოს ნაკრებში მისი მე-18 გოლია. ამ მაჩვენებლით ხვიჩამ თემურ ქეცბაიას გადაასწრო და „ჯვაროსნების“ საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზე დაწინაურდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 (3:0, 6:1) მოიგო და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.

ასევე იხილეთ