კაშია კარიერის დასრულებაზე: ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, ვიდრე გუნდს დავჭირდები, არ ვიცი, საიდან გაჩნდა მითქმა-მოთქმა
„სანამ ნაკრებს დავჭირდები, ნაკრებთან ერთად ვიქნები“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ ვიცი, საიდან გაჩნდა მითქმა-მოთქმა ჩემი წასვლის შესახებ. ეს მეც გამიგია და არ ვიცი, რატომ საუბრობენ ამაზე. ბევრი არ მინდა ჩემს თავზე ვილაპარაკო, თუმცა ვიცი, ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, ვიდრე გუნდს დავჭირდები.
მომდევნო მატჩებამდე დიდი დროა. პროგნოზის გაკეთება მიჭირს, არ ვიცი, რა ფორმაში ვიქნებით, ან ვინმე თუ გვეყოლება ტრავმირებული.
იმედი მაქვს, სექტემბერში, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დავიწყებთ, ისეთივე კარგ ფორმაში ვიქნებით, როგორც დღეს ვიყავით“, – აღნიშნავს კაშია.