top_leaderboard

NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურის მოადგილე JTEC-ს ეწვია

საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC)  მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი პეტრ სვობოდა  და JFTC-ის წვრთნებისა და სწავლებების განყოფილების წარმომადგენელი,  პოლკოვნიკი ლადისლავ სვეზდა იმყოფებოდნენ. NATO-ელ სტუმრებს კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლეს.

ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგზე მათ JTEC-ის ისტორია, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC)   და  NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრს (JFTC) შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა, JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა.  საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა სწავლება „NATO-საქართველო 2025“, რომელიც საქართველოში მიმდინარე წელს  ჩატარდება. NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიიღო სწავლების დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომელიც დასკვნით ფაზაშია.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.   სტუმრებმა JTEC-ის შემადგენლობაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრიც (CTC)  მოინახულეს.

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC)  პოლონეთში მდებარე NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC)   მჭიდრო თანამშრომლობა 2017 წელს მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ასევე იხილეთ