top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ყველა დიპლომატს მივმართავ, მოზომილი იყვნენ შეფასებებში, როდესაც საუბრობენ, რომ თითქოს ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ. ასე გველაპარაკა 70 წელი საბჭოთა კავშირი, დამთავრდა ეს პერიოდი, დამოუკიდებლობის მოპოვებით

ყველა დიპლომატს მივმართავ, მოზომილი იყვნენ საკუთარ შეფასებებში, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ თითქოს ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ და ქართველ ხალხთან ურთიერთობის განვითარება სურთ, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ასე გველაპარაკა 70 წელი საბჭოთა კავშირი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით გველაპარაკებოდა მოსკოვიდან და დამთავრდა ეს პერიოდი, ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით.

სხვათა შორის, გამახსენდა გერმანიის საელჩოს თუ ელჩის პოსტი იყო. ზოგადად, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი გამოირჩევა პროპაგანდისტული გზავნილებით, რომელიც მანიპულაციას ეფუძნება ხოლმე და რამდენჯერმე მოუწია მას მისი მანიპულაციის გამო განმარტებების გაკეთება. გახსოვთ მოლდოვისთვის სესხის მიცემა მან როგორ წარმოაჩინა, თითქოს ეს ნაჩუქარი ფული იყო მოლდოვისთვის მილიარდ 800 მილიონი და სხვა ასეთი შემთხვევებიც იყო.

იყო განცხადება, რომელიც ეხებოდა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის მეგობრობის პროცესს და იყო წლისთავი ამ დაძმობილების თარიღისა. იქვე კვლავ გერმანიის ელჩმა მის მანიპულაციურ სტილში ბოლოში მიაყოლა, ასე ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ახლა საქართველო რაღაცას სცილდება.

შეგახსენებთ ყველას, რომ ზაარბრიუკენი და თბილისი დაძმობილდნენ 1975 წელს თუ არ ვცდები. გაგანია საბჭოთა კავშირი იყო და ახლა გერმანიის ელჩი დღევანდელ თბილისს, დღევანდელ საქართველოს ადარებს საბჭოთა კავშირის დროინდელ თბილისს და საქართველოს და მაშინ რომ დავძმობილდით, ახლა თურმე უკან მიდის საკითხები? გაგანია საბჭოთა კავშირის დროს დაძმობილება იყო მოვლენა და დღეს ჩრდილი აქვს ამ დაძმობილებას თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის? ამაზე მეტი უტიფარი მანიპულაცია, რაც გერმანიის ელჩმა იკადრა, რა შეიძლება იყოს. კიდევ მესამეჯერ და მეოთხეჯერ განმარტებები რომ უწევს ამ ადამიანს ყოველ ჯერზე, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ეს წვრილმანი პროპაგანდა, რომელსაც მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ ხელი მიჰყოს, ამ პროპაგანდაშიც ვერ ვარგობს. იქნებ შეეშვას და დაკავდეს იმით, რაც არის მისი ამოცანა, რომ უზრუნველყოს საქართველოსა და გერმანიის ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

ნურცერთი ელჩი ამ ქვეყანაში ნუ დაიჩემებს, რომ აქ ქართველ ხალხთან ურთიერთობების გასაღრმავებლად არის ჩამოსული თითქოს. აქ სახალხო დიპლომატიის საწარმოებლად არცერთი ელჩი არ არის მოვლენილი. ყველა ელჩი წარმოადგენს საკუთარ ხელისუფლებას და შესაბამისად, უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან. ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეტენზია აქვთ მასპინძელი ქვეყნის, ხალხის ინტერესები იციან და ხალხის ინტერესებით მოქმედებენ, ასეთი ხალხი იყო სხვა საუკუნეებში. გავიდა ეგ პერიოდი, როდესაც სხვადასხვა დამორჩილებული ქვეყანა და ვასალები ჰყავდა ამა თუ იმ ქვეყანას. ასე, რომ ყველა დიპლომატს მივმართავ, მოზომილი იყვნენ საკუთარ შეფასებებში, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ თითქოს ისინი ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ და ქართველ ხალხთან ურთიერთობის განვითარება სურთ. ასეთი ჩვენ უკვე ვნახეთ. ასე გველაპარაკა 70 წელი საბჭოთა კავშირი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით გველაპარაკებოდა მოსკოვიდან. დამთავრდა ეს პერიოდი, ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით. ასე, რომ ის ვინც ამბობს, ყველა ის ელჩი, ყველა ის დიპლომატი, ყველა ის უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მისი ამოცანაა ქართველი ხალხის ინტერესებზე ზრუნვა და ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, სინამდვილეში არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ამას აკეთებენ ეს ადამიანები.

დღეიდან მოყოლებული ყველას, ვინც ასეთ განცხადებას გააკეთებს, ამას შევახსენებ, რომ ისინი, საქართველოს დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი, თავად განსაზღვროს საკუთარი ხელისუფლება.

კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ელჩი, საელჩო, დიპლომატი თუ პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ ის ვერ ხედავს, არ ამჩნევს საქართველოს ხელისუფლებას, თითქოსდა პირდაპირ ქურუმები არიან თუ ვინ არიან, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის არიან მოვლენილი, ყველა ეს ადამიანი სინამდვილეში არ აღიარებს ამ ხალხის სუვერენიტეტს და შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ