გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ამ პროცესებში, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ მიერ ადამიანების დატერორება, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა „თიბისი ბანკი“ – ხაზარაძე-ჯაფარიძე
სამწუხაროდ, ამ პროცესებში, რასაც ჰქვია რეჟიმის, ნაცმოძრაობის მიერ ადამიანების დატერორება, მათ შორის ბიზნესის რეკეტები, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა თიბისი ბანკი და ამ შემთხვევაში ჯაფარიძე-ხაზარაძე, – განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მან ისაუბრა იმ საქმის ირგვლივ, რომელიც ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომაზე უნდა განიხილონ.
„ეს იქნება ღია დადასტურება იმისა, რაც მათ წინააღმდეგ ისედაც არსებობს საზოგადოებაში და ზოგადად დოკუმენტებში, თუ როგორ ხდებოდა სამწუხაროდ მათ მიერ საპატიმროში გაგზავნილი ადვოკატების მხრიდან ხელშეკრულებების შეთავაზება. საპატიმროში როდესაც პატიმარზე სესხს გასცემ, იცი რა სიტუაციაა საპატიმროში და ამავდროულად წილებს გადააფორმებინებ და ამაში შენ როგორც ბანკი მონაწილეობ, ბუნებრივია რომ აქ ეჭვიც კი აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდო მონაწილე ხარ ამ რეკეტების. ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კომპანიის [„მაგნატის“] მფლობელს შესთავაზეს, რომ თიბისი ბანკი შეიძენდა 25 პროცენტს. მანამდე იძულების წესით მთლიანად დააფარინეს კრედიტი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელი ეუბნებოდა, რომ ამ კრედიტის დაფარვით კომპანიას პრობლემები შეექმნებოდა. ჯერ დააფარინეს და შემდგომ ასეთ სიტუაციაში შესთავაზეს, რომ თიბისი ბანკი შეიძენდა წილს ამ კომპანიაში. შემდგომ არსებობს კიდევ გაგრძელებები, რა თქმა უნდა ეს არ არის ერთეპიზოდიანი საქმე და სწორედ ამიტომ კომისიაზე ჩვენ დავიბარეთ ამ კომპანიის დამფუძნებელი, მისი ადვოკატიც და ხაზარაძე-ჯაფარიძეც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა ხვალ გაიმართება. დღის წესრიგშია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის განხილვა. დაბარებულები არიან ჯემალ ლეონიძე „მაგნატის“ მესაკუთრე, მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.