დავით მათიკაშვილი: არასამთავრობო სექტორის და ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ ამერიკულიდან ქართულად სიტყვასიტყვით ნათარგმნი „ფარა“ კვლავ რუსულად არის მონათლული, ამით თავიანთ უსამშობლობას და არარაობას კიდევ ერთხელ ამტკიცებენ
მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა მისივე დაფინანსებული Ngo-სექტორის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელებში რა ეწერა. თვალთმაქცობა იქნება, თუკი ელჩი იტყვის, რომ მისთვის უცნობი იყო ეს ამბავი, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წამყვანის კითხვის პასუხად.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „გამჭვირვალობის კანონზე“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი ისე შეიტანა, რომ კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.
„საიამ მოახდინა საკუთარი თავის და მთელი ამ ნეგატიური ენჯეოსექტორის თვითლუსტრირება იმით, რომ მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შეჩერება და სტრასბურგში ეს არ გაუკეთებია. რატომ? – იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა საიამ, რომ არანაირი სამართლებრივი რესურსი არ ჰქონდათ იმის, რომ ელემენტარული წარმატებისთვის მიეღწიათ სტრასბურგში, აქ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დამუნათება, ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა ხდებოდა იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ შეაჩერა კანონის მოქმედება.
რაც შეეხება ფარას რუსულობას, სასაცილოც აღარ არის ამ კონკრეტული მოცემულობის ანალიზი. სერიოზულობიდან სასაცილომდე არის ერთი ნაბიჯი და ეს ერთი ნაბიჯი დიდი ხანია გადადგა არასამთავრობო სექტორმა და რადიკალურმა ექსტრემისტმა ოპოზიციამ. სიტყვა სიტყვით ნათარგმნი ფარა ამერიკულიდან ქართულზე კვლავ რუსულად არის მათ მიერ მონათლული, როდესაც ისინი პირდაპირ რუსულად ნათლავენ დღეს შეერთებული შტატებისა ადმინისტრაციას, აბრალებენ დონალდ ტრამპს რუსეთთან გარიგებას და ასე შემდეგ. არ გააჩნიათ არანაირი გამოსავალი ლაბირინთიდან, აწყდებიან კედლებს და ამით თავიანთ უსამშობლობას და არარაობას კიდევ ერთხელ ამტკიცებენ“, – აცხადებს მათიკაშვილი.