top_leaderboard

ტრამპი: ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ – ევროკავშირი ვაჭრობის საკითხში აბსოლუტურად საშინლად მოგვექცა

ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ევროკავშირი ვაჭრობის საკითხში აბსოლუტურად საშინლად მოგვექცა და ნატოს რაც შეეხება, მე მათ ასობით მილიარდი დოლარის გადახდა ვაიძულე. ისინი ძალიან ჩამორჩებოდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების საიდუმლო მიმოწერა გასაჯაროვდა.

„მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა“ – „სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ“ – ეს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შორის მიმოწერა, რომელიც საიდუმლო ჩატში შედგა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა მესენჯერი Signal-ის ჩატში, სადაც განიხილებოდა „ჰუსიტებზე“ თავდასხმის გეგმები, მათ შორის სამიზნეები, დრო და შეტევებისთვის გამოყენებული შეიარაღება.

„მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა“, – დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და განაცხადა, რომ ეს დარტყმები გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ევროპას, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

„სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ. საცოდაობაა“, – უპასუხა მას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.

ასევე იხილეთ