logo_geo
ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე
- +

25 აგვისტო. 2017. 22:55


ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი, ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ.


ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აურებელი ლექსი იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული, ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულები ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.


ის ცხოვრობდა ერთ ჩემ ამხანაგ გოცირიძესთან, მაგრამ დიდხანს ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და გასცილდნენ.


თბილისში რომ ჩამოვედი, მას ვერა ვხედავდი, მაგრამ ერთი მისი საქმე წამოიჭრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტში და მაშინ შევიტყე, რომ მანგლისის მახლობლად, თონეთში ყოფილიყო მასწავლებლად.


თონეთელებიდან ასეთი საჩივარი ჩამოვიდა: ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო.


იქ გაგზავნეს გამოძიებისათვის წერა-კითხვის საზოგადოების საქმის მწარმოებელი იაკობ მანსვეტაშვილი და იმან მოიტანა ამბავი, რომ ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ისინი ერთმანეთს შეხებიან ხელით. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ ვაჟა-ფშაველამ მიატოვა იქ სამსახური.


შემდეგ მას ვხვდებოდი იშვიათად წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში და ვეცნობოდი მის ლექსებს და მოთხრობებს, რომელნიც „ივერიაში" იბეჭდებოდა. მაშინ მას უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც დიდსა და ორიგინალურ პოეტს. ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა:


„რუსთველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო".


„ხუთშაბათობის სხდომაზე", რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.


შემდეგ, როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების ცხოვრების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას:


„ამას შენზე უკეთესად ვერავინ ვერ შეგვიდგენს, გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვულებანი, მისწრაფებანო და ხასიათები".


ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა „ფშაველი და მისი წუთისოფელი", რომელიც დაბეჭდილია, „ძველი საქართველოს მე-2 ტომში. ეს ნაწარმოები ნამდვილი პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა საუბედუროდ მას აღარ დასცალდა.


შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი ლევანი პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ.


როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთნ ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს.




ექვთიმე თაყაიშვილი - მოგონებები

გამომცემლობა "ლითერასი"


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი