logo_geo
თულუხჩები - ძველი თბილისის ისტორია
- +

30 დეკემბერი. 2017. 12:16



თბილისის მოსახლეობა ოდითგანვე წყალს ქალაქიდან საკმაო მანძილით მოშორებული წყაროებიდან ეზიდებოდა. არქეოლოგიური მასალებით დადასტურდა, რომ წავკისიდან, ოქროყანასა და სოლოლაკის ქედიდან ნარიყალის ციხესა და თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი თიხის მილებით მიეწოდებოდა. მთაწმინდის ქედიდან კი სარწყავი წყალიც იყო გამოყვანილი.

მტრის გაუთავებელ შემოსევათა შედეგად XV საუკუნიდან ქვეყნის განვითარება შეფერხდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ირანის მრავალწლიანმა ბატონობამ, სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად, დიდი ზიანი მიაყენა კარგად გამართულ საირიგაციო სისტემას, რომელიც ჯერ მოიშალა, ხოლო შემდეგ თანდათან დავიწყებასაც მიეცა.


ძველი თბილისის მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თუ სასმელად, ბუნებრივია, დიდი რაოდენობით წყალი სჭირდებოდა. წყალსადენების არარსებობის პირობებში კი ქალაქელები იძულებული გახდნენ, წყალი მდინარე მტკვრიდან ამოეღოთ. დახრამული და ფლატე ადგილების გამო წყლის ამოღება ყველგან ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც მდინარეზე ჩასასვლელად საგანგებო ბილიკებს აწყობდნენ.

მტკვრიდან ამოღებულ წყალს ხარის ტყავისგან სპეციალურად, წყლის ჩასასხმელად შეკერილ რუმბებში ანუ თულუხებში ჩაასხამდნენ და ისე დაჰქონდათ ქალაქში. თულუხს ტყავის ბეწვიანი მხარე შიგნით ჰქონდა მოქცეული, ხოლო წყალს მასში ვიწრო ყელიდან ასხამდნენ. თითო თულუხი 4-5 ფუთ (1 ფუთი დაახლოებით 16 ლიტრია) წყალს იტევდა, ცხენს ან ჯორს ორივე გვერდზე გადაკიდებდნენ და უნაგირის კეხზე ყულფებით ამაგრებდნენ. ცხენს რომ ზურგი არ გახეხოდა და წყლის შხეფებისგანაც დაცული ყოფილიყო, თულუხს ქვეშ ბეწვიან ტყავს უფენდნენ. ვისაც ცხენი ან ჯორი არ ჰყავდა, თულუხს ზურგით ატარებდა. ზოგს წყალი ზურგზე მოკიდებული კოკებითა და კასრებითაც დაჰქონდა.

რადგან ძველ თბილისში წყლის ჩასასხმელ ჭურჭელს თულუხი ერქვა, წყლის გამყიდველებს თულუხჩებს ეძახდნენ.

თულუხჩები თულუხთან ერთად, საწყაოსაც (ვედროს) ატარებდნენ. ვედრო წყალი იმ დროს 1-3 კაპიკი ღირდა. წყალს ფასს კი იმის მიხედვით ადებდნენ, რა სიშორიდან და მტკვრის რომელი ნაპირიდან იყო აღებული. თულუხჩი გაყიდული წყლის ფულს მუშტრისგან კვირის თავზე იღებდა. ანგარიში რომ არ არეოდა, მუშტარს ჯოხს - ლარტყას აძლევდა, რომელზეც წყლის ყოველი მიტანისას ახალ ნაჭდევს აკეთებდა.

XIX საუკუნის 70-იან წლებში თბილისში დაახლოებით 240 თულუხჩი იყო, რომელნიც, ხელოსნების მსგავსად, თავიანთ ამქარში იყვნენ გაერთიანებული.

თბილისში წყალსაზიდმა თუ წყალზე მისასვლელმა ბილიკებმა ახალი მიკროტოპონიმებიც წარმოქმნა. ძველ გარეთუბანში - წყალსაზიდის ქუჩა, ხოლო ჩუღურეთში მტკვართან ახლოს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გვერდით მდგარი წყალსაქაჩის გამო - წყალსაწევის ქუჩა გაჩნდა.

1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში თულუხები ხის კასრებით შეცვალა, მაგრამ წყლის მზიდავს ძველებურად თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.

თულუხჩების პარალელურად ქალაქის სხვადასხვა უბანში კერძო პირები, მემამულეები და ვაჭრები ცდილობდნენ წყალსაქაჩების მოწყობას. ზოგან წყალი მილებითაც გაიყვანეს. 1851 წელს ქალაქის პოლიციის შენობის წინ სოლოლაკის წყაროებიდან გამოყვანილი წყალსადენის საშუალებით შადრევანი და აუზი მოეწყო (1000 ვედრო წყლის ტევადობით).

XIX საუკუნის 80-იან წლებში ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა, წყლის პრობლემისთვის საკუთარი ხარჯებით მოევლო. ახალი წყალსადენისთვის ადგილის გამონახვა ქალაქის არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვს დაევალა. პირველი საძიებო სამუშაოები დიდუბეში დაიწყო. არ გასულა დიდი ხანი, რომ გადაწყდა წყალსადენის მშენებლობის ავჭალაში დაწყება. ავჭალის წყალსადენის საბოლოო პროექტი ინჟინერმა მასკელემ შეადგინა. მშენებლობის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ინჟინრები კონრადი და ოზეროვი. 1883 წელს დაწყებული მშენებლობა 1887 წლის სექტემბერში დამთავრდა.

ძალიან მალე კი ქალაქი ისე გაიზარდა, რომ სასმელი წყლით ვეღარც ავჭალის წყალსადენი აკმაყოფილებდა. ამიტომ ავჭალის წყაროს წყლებში დაიწყეს გაფილტრული მტკვრის წყლის შერევაც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობა დღითი დღე იმატებდა და წყალზე მოთხოვნილებაც გაცილებით მეტი იყო, XX საუკუნის დასაწყისისთვის ახალი წყალსადენების მოწყობამ მეთულუხჩეებზე მოთხოვნილების თანდათან შემცირება და ბოლოს, ამ "პროფესიის" გაქრობა გამოიწვია.



წყარო - ჟურნალი „ისტორიანი“

 

 

 

 

 

big_banner
არქივი