logo_geo
მოქვის ავბედობა - რას შეეწირა ტაძრის ამშენებელი დიდოსტატი...
- +

14 თებერვალი. 2018. 10:27

 

 

ქალაქ ოჩამჩირიდან 15-20 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მოქვში დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი, საკათედრო ტაძარი, რომელიც ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ დაახლოებით 957 წელს.

"შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოს თასსა, რამეთუ მაშინ-ვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა... ამან აღაშენა ეკლესია მოქისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოველითა განგებითა", - ნათქვამია ქართლის ცხოვრებაში. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეს უნიკალური ძეგლი უძველესი დროიდან ქართული სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო.

 

პირველი მოქველი ეპისკოპოსის ვინაობა XII საუკუნიდან არის შემორჩენილი და იგი გრიგოლ მაგნისძეა (გუძანისძე). ასევე ცნობილია აქ მოღვაწე ეპისკოპოსების: ლუკა ოძÃელის (XIV საუკუნის II ნახევარი), ფილიპე ჩხეტიძის (XV საუკუნე), ეფთÂმე საყვარელიძის (XVI საუკუნის II ნახევარი) ვინაობა.

ტაძარი XIX საუკუნეში რუსიფიკატორთა ხელში მოექცა. იმ დროს ჩატარებულმა ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებმა ძალიან შეცვალა ტაძრის პირველადი სახე.

 

მთლიანად განადგურდა ეკლესიის დეკორატიული მორთულობა და მოპირკეთება, ასევე განადგურებულია სამივე კარიბჭე. არქიტექტორ ლევან ხიმშიაშვილის აზრით, თავიდან არის აღმართული გუმბათიც, მაგრამ პირველადი სახისგან იგი დიდად არ განსხვავდება. სამშენებლო ფენების შესწავლამ ასევე ცხადყო, რომ მოქვის ტაძარი შეკეთებულია მანამდეც, გვიან შუა საუკუნეებში.

 

 

 

ფოტო: მოქვის ტაძარი. ინტერიერი

 

 

მოქვი 1859 და 1865 წლებში მოუნახულებია დიმიტრი ბაქრაძეს, რომელმაც თითქმის დაწვრილებით აღწერა ძეგლის მაშინდელი მდგომარეობა, ამიტომაც მოგვყავს ვრცელი ციტატა: "1859 და 1865 წლებში ტაძარი ვნახე იმ მდგომარეობაში, როგორიც ნახა აკადემიკოსმა მარი ბროსემ, რომელიც, ისევე როგორც მე, აღფრთოვანებული იყო მისი სიდიადით. ტაძრის კორპუსის ზომათა სიდიდე, შემოხლართული მცოცავი მცენარეულობით, მისი საფარი გადაქცეულია ჰაეროვან ბაღად. მისი ბრწყინვალე გუმბათი წაგრძელებულია მასზე ამოზრდილ ხეთა სიმაღლით.

 

ყველაფერ ამას მნახველი მოჰყავს გაოცებაში. შიგნით ისარივით აღმართული ბოძები, ხუთი ნავი, თეთრი მარმარილოს იატაკი, ფერადი მინის ნატეხები, ბრწყინვალედ მოჩუქურთმებული ლავგარდნების ნაწილები მოწმობს ხელოვნების სრულყოფის უმაღლეს დონეზე. მთავარი ნავი გუმბათის ბოძებამდე გარემოცულია მშვენიერი გალერეით. მთელს შენობაში აგური გამოყენებულია მხოლოდ ბოძებს შორის კამარაში. სამწუხაროდ, კარიბჭეები ჩამონგრეულია, ფანჯრის მინები ჩამტვრეულია, იატაკი ნაგვითაა დაფარული.

 

 

მოქვის ღმრთისმშობლის კარედი ხატი. ფოტო: მოქვის ღმრთისმშობლის კარედი ხატი.

 

 

არსად არ შეიმჩნევა წარწერები. ტაძრის გარეთ ზარზმის სამრეკლოს მსგავსი სამრეკლოა აღმართული, მარჯვნივ ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია, მარცხნივ პატარა ჩამონგრეული ეკვდერია - კედლები ოდესღაც ბერძენი მხატვრების მიერ იყო მოხატული, რამეთუ იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეიმ მოქვი 1659 წელს მოინახულა და შემდეგი შინაარსის წარწერა ამოიკითხა: "მოხატულია იმპერატორ ალექსანდრე კომნენის და აფხაზეთის დიდებული მეფის დავითის დროს". ალექსანდრე პირველი კომნენი მეფობდა 1089-1125 წლებში. სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, ტაძარი ამ პერიოდში მოიხატა".

ტაძარში შემორჩა ბიზანტიური მარმარილოს კაპიტელები და შესაძლებელია ყოფილიყო მოზაიკაც. თედო ჟორდანიას თქმით, აქ იყო ფასდაუდებელი მოზაიკა, ე.წ. სოფიის კენჭით შესრულებული. 1899 წელს აქ კარგად იკითხებოდა ხუცური ლაპიდარული წარწერები. ტაძრის სამხრეთით, მდინარე მოქვის მარჯვენა ნაპირზე, ფლატის ძირში არის გამოქვაბული, საიდანაც შესაძლოა, მიწისქვეშა გასასვლელი ტაძართან მიდიოდეს.

ადგილობრივ ხანდაზმულ მკვიდრთა გადმოცემით, მოქვის ტაძარი ბედიის ტაძარს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა. ეს გამოქვაბული ხელოვნურია და იგი პირველად აღმოაჩინა აფხაზმა მეცნიერმა ი. აძინბამ. ტაძარი შემოზღუდულია მაღალი გალავნით, რომელიც თავის დროზე ციხესიმაგრე იყო. ამიტომაც გამორიცხული არ არის, მას ჰქონოდა მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც ალყის დროს მდინარესთან ჩასასვლელად გამოდგებოდა.

XIX საუკუნის შუა ხანებში მოქვის ტაძარი უკვე დაცარიელებული და უპატრონოდ მიტოვებული იყო. ზემოხსენებულმა ბარბაროსული მეთოდებით "განახლებამ" ძეგლს ძველი ელფერი და დიდებულება დაუკარგა. ამ "განახლების" დროს დაანგრიეს როგორც გალავანი, ასევე მცირე ნაგებობანი. გადააკეთეს სამრეკლო და მნიშვნელოვნად დამახინჯდა ტაძარი. ძეგლის იერსახეში განსაკუთრებული დისონანსი შეიტანა გუმბათზე დაშენებულმა საჰაერომ და სამრეკლოს კოშკურამ. მოქვი შიგნიდან შეათეთრეს კიდეც.

გვინდა ყურადღება შევაჩეროთ მოქვის ორ ბარელიეფზე, რომლებიც დღეისთვის დაკარგულად ითვლება, მაგრამ შემორჩენილია მათი ფოტოები. ორივე ბარელიეფი კანკელის ფრაგმენტები უნდა იყოს. პირველი გაფორმება განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა. თაღედები დამშვენებულია წნული ჩუქურთმებით, სადაც ფოთლოვანი დეტალები დომინირებს. ორი ოვალური თაღის ქვეშ შარავანდით შემოსილი მარიამი და მაკურთხებელი იესო დგას, მოსასხამში გამოწყობილ მაცხოვარს მარცხენა ხელში სახარება უჭირავს.

მეორე ფილაზე წარმოდგენილია მდიდრულ ტახტზე მჯდომი მაცხოვარი, რომელსაც შარავანდი ამშვენებს, ტახტის მარჯვნივ ხელაპყრობილი ორი ანგელოზია.

ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს მოქვის ღმრთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც დაცულია ზუგდიდის დადიანების სასახლეში. ამ ხატს საინტერესო გამოკვლევა უძღვნა მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ. ხატზე შუაში ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომარეა, მარჯვნივ იოვანე, მარცხნივ კი სტეფანე მთავარდიაკონია წარმოდგენილი. ოქროს ჭედური ხატი ჩასვენებულია დიდ, ვერცხლით შეჭედილ კარედ ბუდეში. ზემოთ, ბუდის შუა ნაწილში გამოსახულია ორ სვეტზე დაყრდნობილი კამარა, გამოქანდაკებულია ჯვარცმა წინამდგომებითურთ: იოანეთი, მარიამით, მარიამ მაგდალინელითა და მხედარ ლონგინოსით, ზემოთ, ფრთებზე ხარებაა.

სვეტები შემკობილია თვლებით. ამჟამად აქვს 90 თვალი, ბუდეს ამშვენებს თვლებით გამოყვანილი ჯვრის სახეები. სულ 18 ჯვარია: ოთხი კამარის ზემოთ, ორი კამარაში, ექვს-ექვსი - ასომთავრულწარწერიან სვეტებზე. ხატი მოქვის ეკლესიისთვის მოაჭედვინა ეპისკოპოსმა ანდრია მოქველმა. ეს ხატი მოგვიანებით ხობის ეკლესიაში გადაუტანიათ. ჩვილედი ღმრთისმშობელი და მის წინ მუხლმოყრილი მოქვის მთავარეპისკოპოსი დანიელი.

 

 

 

ფოტო:  ჩვილედი ღმრთისმშობელი და მის წინ მუხლმოყრილი მოქვის მთავარეპისკოპოსი დანიელი. მოქვის ოთხთავის მინიატიურა

 

 

მოქვში გადაიწერა ქართული წიგნიერებისა და კალიგრაფიის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში - მოქვის ოთხთავი. წიგნის ბოლო ფურცელზე არის ღმრთისმშობლის სურათი, რომლის წინ დაჩოქილია და მასვე ევედრება მოქველი მთვარეპისკოპოსი დანიელი. წარწერაში ნათქვამია: "დანიელ მოქÂელ მთავარებისკოპოზი". როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, მოქვის სახარება გადაწერილია 1300 წელს დანიელ მოქვის მთვარეპისკოპოსის თაოსნობით. ოთხთავი მდიდარია სახარებისეული სიუჟეტების ამსახველი მინიატიურებით, რომელთა საერთო რაოდენობა 152-ს შეადგენს. მინიატიურები ტექსტში ჩასმულია შინაარსობრივად შესაბამის ადგილებში. გარდა მინიატიურების სიმრავლისა, მოქვის სახარების მოხატულობა გამორჩეულია საშემსრულებლო ტექნიკითაც.

როგორც წესი, ქართულ წიგნებში მინიატიურების ფონის შესავსებად გამოიყენებოდა ფურცლოვანი ოქრო, რომელიც ფურცელზე ნივრის ან სპეციალური წებოვანი შენაერთების საშუალებით მაგრდებოდა. სხვა ქართულ ხელნაწერებში ოქროთი იფარებოდა მინიატიურის გამოსახულების გარშემოწერილი კონტურების მიღმა მდებარე ადგილები. მოქვის ოთხთავში კი მოხატულობები უშუალოდ ოქროს ზემოდან არის შესრულებული. მოქვის ოთხთავის მაღალი მხატვრული დონე როგორც დანიელ მოქველის, ასევე საეპისკოპოსოს მნიშვნელობაზეც მეტყველებს.

შემორჩენილია საინტერესო თქმულება მოქვის ტაძრის მშენებლობის შესახებ, რომელიც ვიანორ ფაჩულიამ ჩაიწერა: "აფხაზთა მეფე ლეონმა გადაწყვიტა, აღემართა დიდი ტაძარი მდინარე მოქვისა და დვაბის შესართავთან. დაიბარა საუკეთესო ხუროთმოძღვრები და მშენებლები, მოიწვია უცხოელი ოსტატები და შეჰპირდა ყოველ მათგანს ზღაპრულ სიმდიდრეს, თუ ააგებდნენ მეფისთვის მოსაწონ ტაძარს.

დაუნდობელ და მრისხანე ლეონს სურდა, ტაძარი ყოფილიყო კენარი, ლამაზი და არაჩვეულებრივი ფორმის. მისი გუმბათიდან ხელისგულივით უნდა გამოჩენილიყო მთელი აფხაზეთი. უსმენდნენ დიდოსტატები ხელმწიფეს და ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ სამეფო სასახლეს, რადგან იცოდნენ, რომ თუ საქმეს ხელს მოჰკიდებდნენ და შემდეგ დანაპირებს ვერ შეასრულებდნენ, თავს წააგებდნენ. მსგავსი ტაძრის აგება კი თითქმის შეუძლებელი იყო.

 

 

მოქვის ოთხთავის ყდა. ფოტო: მოქვის ოთხთავის ყდა

 

 

მაგრამ გამოჩნდა ერთი უშიშარი ხუროთმოძღვარი, რომელმაც გადაწყვიტა, ბედი ეცადა და დასთანხმდა მეფის პირობებს. გაჩაღდა მუშაობა მოქვისა და დვაბის შესაყართან, ტაძარი სწრაფად მიიწევდა ცისკენ, იმდენად საუცხოო იყო იგი საცქერლად, რომ გეგონებოდათ, თბილ სიოს, ზღვის ქაფსა და ყვავილთა სურნელებას ერთად მოეყარა თავი მის კედლებში. და აი, უკვე როცა ხურავდნენ ოქროთი ტაძრის გუმბათს და ათასი წყრთის (სიგრძის ძველი საზომი, მანძილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) სიმაღლეზე აღემართათ არნახული ჯვარი, გადაწყვიტა ლეონმა, ამალასთან ერთად ენახა ტაძარი.

გაეგო, შეასრულა თუ არა მისი პირობები უშიშარმა დიდოსტატმა და თან წამოიღო ხუროთმოძღვრისთვის შეპირებული ოქროთი და ვერცხლით სავსე სკივრები. მაგრამ ცბიერი იყო ლეონი, დაათვალიერა მან ტაძარი და ყველაფერი მოიწონა, შემდეგ ავიდა მთავარ გუმბათზე, რათა ეხილა, ჩანდა თუ არა მოქვის სიმაღლიდან მთელი აფხაზეთი… და იქიდან მოღუშული და განრისხებული დაეშვა: "არ შეასრულე შენ ჩემი ერთი პირობა, - უთხრა ხუროთმოძღვარს, - არ ჩანს ტაძრის სიმაღლიდან მთელი აფხაზეთი".

დაღონდა დიდოსტატი, მაგრამ გადაწყვიტა, თვითონ შეემოწმებინა მეფის ნაბრძანები და აუყვა გუმბათს, რომელიც ათასი წყრთის სიმაღლეზე აეზიდა მისსავე ხელებს. როდესაც დიდოსტატმა მიაღწია გუმბათს, მეფემ ბრძანა, კიბე მოეცილებინათ შენობისათვის... ენანებოდა შეპირებული ოქრო და ვერცხლი და, ამასთანავე, არ სურდა, ქვეყნიერებაზე კიდევ აგებულიყო მოქვის ტაძარივით მშვენიერი რამ. ასე მიუსაფარმა დაასრულა სიცოცხლე დიდოსტატმა საყვარელი ტაძრის გუმბათზე, ქარმა გაფანტა მისი ცხედარი და სადაც მიმოაბნია, იქ დღემდე ხარობენ მოქვის ლამაზი ვარდები..."

 

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი