logo_geo
„ათას ცხრაასი რომ შესრულდა, რაცხამ ტანში არ დამაყენა“ - „ტერორისტული გურია“
- +

26 თებერვალი. 2018. 12:24



გასული საუკუნის ცხრაასიანი წლების დასაწყისი; მაუზერისტები და ტერორისტები; მეფის რუსეთის „ოხრანკა" და კაცისკვლაში გაწაფული ტერორისტები გურიის სოფლებიდან;

გატაცებული ბანკები, ჩამოხრჩობები და დახვრეტები; რა ხდებოდა გურიაში ერთი საუკუნის წინ?

„სოხუმის საქმე"

„ტერორისტული  მოძრაობის  ისტორიაში", ოქროს  ასოებითაა ჩაწერილი „ოზურგეთელ მაუზერისტთა" განსაკუთრებული ქმედება, რომელიც, „სოხუმის საქმის"  სახელწოდებითაა ცნობილი.

გაზ.„სავაჭრო გზის" ცნობით

1907 წ 19 სექტემბერს, ქ. სოხუმში  გაირჩა ცნობილი პოლიტიკური საქმე გაგრის სოც.დემოკრატიული ორგანიზაციის წევრების (ფრაქციით ბოლშევიკები). პასუხისგებაში არიან მიცემული 20 კაცი:  აქვსენტი, ილარიონ და ვლადიმერ ბენდელიანები; ხარლამაშ  ჭყონია, სიმონ თავაძე, თეოფილე ნარსია,  ეფრემ და კოტე ცინცაძეები, აკაკი მუჯირი, გიორგი კვაჭანტირაძე, ანდრია მათითაიშვილი, სერგო იაშვილი, ივანე ჩახავა, პორფილე  მაღლაკელიძე, იოსებ მარუაშვილი, ვარლამ  მაქსიმოვი, ფრანც ანტონოვი, ილია ჩიჩკინი, პანტელეიმონ კუნჩა, ფარნაოზ ჯიქია, გ.ჯინჭარაძე.

საზოგადოდ, ყველას ბრალდებოდა  საიდუმლო ორგანიზაციის წევრობა, მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედება, სახალხო მილიციის შექმნა, ხალხის შეიარაღება, ტერორისტული აქტების მოწყობა, ორგანიზაციის  სახელით ფულის შეგროვება ნებით, ზოგიერთებისგან მუქარით და სხვა.

კერძოდ: მიხეილ ორაგველიძეს, ეფრემ ცინცაძეს, ვლ. ბენდელიანს,  გ. ჯინჭარაძეს  და ფარნაოზ  ჯიქიას ბრალდებოდა:

1) 1905 წ. 20 IX. გაგრის კლიმატური სტანციის უფროსის, ლეონიდ კერემენტევსკის  მოკვლა.

2) აგვისტოს 1905 წელს, გაგრაში დაცემა, იმავე, სადგურის მებაღე, ვიაჩესლავ იოსების ძე კოტეკაზე. მისი ცემა და ზღვის ნაპირის, ამაღლებული ადგილიდან გადაგდება, რის შედეგადაც კოტეკა, 22 აგვისტოს გარდაცვლილა. ხარლამაშ ჭყონიას, კონსტანტინე ცინცაძეს და ანდრია მათითაიშვილს ბრალდებოდათ, ამ საქმეების  დაწვრილებითი ოქმების მოტაცება, რომელიც ინახებოდა პეტერბურგის სასამართლოს გამომძიებელ ბერცევის ოთახში,   სასტუმრო „გაგრაში."( გაზ. სვ. გზა 1907წ N8). 

ვეტერანი კომუნისტი, ეგნატე ბეჟანის ძე გირკელიძე გვიამბობს: „მე ვმუშაობდი,  რსდ მუშათა პარტიის რიგებში...კარგი  მსროლელი ვიყავი და პარტია მავალებდა შემესრულებინა, ტერორისტული დავალებები. მე შევდიოდი, გურიის ბიუროში და ვითვლებოდი, ბიუროს ტერორისტად. პირველი ტერორისტული დავალება მივიღე - უნდა მომეკლა ალექსანდრე ბერიძე. ის შერჩეული და ბრალდებული იყო, როგორც შპიონი... ბერიძე გაიპარა და თავი შეაფარა ქუთაისს. მე დამავალეს, ქუთაისში წასვლა და წაყვანა,  რამდენიც დამჭირდებოდა, იმდენი მფრინავი რაზმის წევრის." წავიყვანე ტყუპი ძმები ჩხიკვიშვილები. შეიარაღებული ვიყავით, მოკლე თოფებით, რომლებიც პალტოს ქვეშ, გვქონდა დამალული და ჯიბის რევოლვერებით 12 ნომერი. თოფი მე უნდა მესროლა, პირდაპირ პირში, რადგანაც  ჯაშუში პირით,  ბილწი კაცი იყო. ბერიძე მოვიქციეთ მოსახოვში. როცა, პირით ჩემკენ შემობრუნდა,  ვესროლე, მოვარტყი პირში. ჩვენ,  გავიქეცით.  ბაღში, სადაც, ბერიძე მოვკალით, დარჩა მეთვალყურე, რომელსაც დავალებული ჰქონდა,  აღერიცხა ის პირები, ვინც,  ბერიძეს პატივს მიაგებდა. მესამე დღეს, ბერიძე გაასვენეს. მასავით სოფლებიდან  გაპარულებმა, რომლებმაც, აწეული ხელებით  გაასვენეს ბერიძის კუბო. გვაცნობეს, სასწრაფოდ მივედით  ეკლესიასთან, დაუდარაჯდით ბერიძის გამსვენებლებს. ორმა დავხვდით წინიდან, ერთმა უკნიდან, რომ არც ერთი კაცი არ გაგვეშვა. ავტეხეთ სროლა  და  ათივე ( 10) დავხოცეთ.

( მმმფ. საქმე N 283, გვ 1-6)

„ბათუმი"

მარქსიზმის ყოვლისმომცველი იდეით გულანთებული „ძველი რევოლუციონერი",  სურებელი გლეხი, მიხეილ პლატონის ძე როინიშვილი, თავის ავტობიოგრაფიაში მოგვითხრობს: „ათას ცხრაასი  რომ  შესრულდა, რაცხამ ტანში არ დამაყენა. ახალცოლნათხოვი ვიყავი, ქალი ჩემი შინ  დავტიე, წევედი ახალციხეში. კლუბში დევიწყე მუშაობა. ჩამოვედი შინ და  ქალი წასულიყო მამამისთან.  არც  მომიძებნია. ჩავედი ბათომში. დევიწყე  როტშილდის ნავთის ზავოდში მუშაობა. მე დამაყენეს  ათისთავად. „კომიტეტმა" დამავალა, მოსაკლავ კაცებზე ფულის მოხიკვა. ფული იკრიბებოდა, თვეში ორჯელ. ერთი იყო, პალუჩკა, მანათზე ვორი შაური და   კიდო, ყველა მანათზე,  ერთი კაპეიკი -  შავი დღის, კასის ფული.  ერთი სომეხი დაგვირჩა მოსაკლავი.  მივეცით მოკრეფილი ფული თათარს. ესროლა სომეხს, მოტეხა ბარკალი, მერე აღარ გაუვლია ზაოდში".

1904 წ. 21 სექტემბერს, კაცის კვლის,  ამ  ახალი წესის შემოღებით  შეშფოთებული,  ბათუმის ოლქის, სამხედრო გუბერნატორი ქუთაისის გუბერნატორს  აუწყებდა: „მე-4-ე უბნის  ბოქაული -  ჩხიკვაძე გვატყობინებს, რომ მანთაშევის ქარხნის მუშებში,  კოსტა  სეფაშვილსა და მიხაკო ორმოცაძეს დაწყებული აქვთ ფულის შეგროვება, იმ პირებზე გადასაცემად, რომლებმაც მოკლეს აღნიშნული ქარხნის N1 საამქროს უფროსი, კარაპეტ სტეფანეს ძე არუთინიანი".


1904 წელში წერს  ნოე ამბაკოს ძე ცინცაძე,   გადასახლებიდან  გამოქცეული.  სტალინის ჩაგონებით ბათუმში, დიდი გაფიცვა მოვაწყვეთ. ამ მომენტში გვიღალატა ერთმა  მუშამ,  ერასტი კარსანიძემ, რომელიც ოვიანცის საკონდიტროში  მუშაობდა. თვითონ  მოჭიდავე იყო. კარსანიძეს თავისი „პამოშნიკისათვის" უთქვამს:  ვისაც ჩავიგდებ ხელში, კისერს მოვაძრობო, რომ მითხრას, სამუშაოზე არ გახვიდეო. მე და ლადიკო კუპრეიშვილი, ღამე შევედით ბინაში, სადაც ეძინა კარსანიძეს. მე ამოვიღე ჩემი მაუზერი და  ვიყვირე: ადგილიდან არ გაექანო, თორემ, მოგკლავ-მეთქი. მან,  ლოგინიდან  კანკალით მითხრა: „შენი ჭირიმე, ნოე,  არ მომკლა, მე არ გიღალატებ და მათთან არ ვიმუშავებო".

გურული ტერორისტების ზემოქმედების შედეგად, 1905 წლიდან, ბათუმში, ხშირდება ტერორისტული აქტები, რომელიც  შიშის ზარს სცემდა  პოლიციელებსა და ჟანდარმერიას. ზოგი პოლიციელი  (პოლიციელებიც გურულები  იყვნენ):  ინწკირველი,  მასხულია და სხვები,  თავს ანებებენ სამსახურს. თვითონ,  ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსან, ბოქაულ  ჩხიკვაძეს, თხოვნა მიაქვს მუშებთან, რომ არ მოკლან.  ის ფიცს დებს, რომ „პოლიტიკურებს"  ხელს არ ახლებს".




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი