logo_geo
ნინო კვაჭანტირაძის „ქართული ამბავი“: თანაგრძნობა, ჭირისუფლობა, სიყვარული არ მინდა დაკარგოს ქვეყანამ
- +

7 დეკემბერი. 2019. 02:16

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს ზურა შევარდნაძის შარშანდელი სტატუსია, მაგრამ ამბავი მარადიული და ქართულია, წელსაც და სულ გავაზიარებ, იმიტომ, რომ ეს თანადგომა, ეს თანაგრძნობა, ეს ჭირისუფლობა, ეს სიყვარული არ მინდა დაკარგოს ამ ქვეყანამ, ესაა მოთხრობა, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, იმიტომ, რომ იცოდნენ - "ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა , ვიდრე სხეული..."

 

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი.

ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა.

 

კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, შევიცხადეთ და მგლოვიარე შეიქნა ბევრი, ბევრი.. დაიფსო ოჯახი..

ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს მახსოვრობაში, როცა ახალ წელს მიცვალებულთან ერთად შევხვდით.

თორმეტი საათი, რომ მოახლოვდა, ბიცოლაჩემმა გვთხოვა, გარეთ გავიდეთ პარმაღზე, ასე ნუ ვისხდებითო და გარეთ გამოგვიყვანა. დიდი თოვლი და მთვარიანი ღამე იყო, სამარისებუსიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლები ყეფდნენ აქა - იქ.

ბიძაჩემის ბალკონიდან მთელი თუ არა, ნახევარი ასკანა მაინც ჩანს, მთელი ბასილეთი, მთისპირი, მზიანი და ნაგომარიც ხელის გულივით.

ფერდებზე შეფენილი სახლებიდან ბოლი და ფანჯრებიდან თბილი სუსტი შუქი გამოდიოდა, სოფელს არ ეძინა, ჩვენც ვიდექით პარმაღზე და ველოდებოდით.

გახდა 12 საათი, გადაცდა თორმეტს, მეზობელ სოფლებში ახალი წლის მოსვლას სიხარულით და ორლულიანი თოფების გრიალით შეხვდნენ, ჩოხატაურის თავზე ცა განათდა, ისროდნენ შუშხუნებსაც.

იმ ღამეს არც ერთ, არც ერთ ასკანელს თოფი არ უსვრია, ოთხას კომლიან სოფელში არავინ არ მისცა თავს უფლება ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს. პარმაღიდან, რომ გადავიხედეთ, ბიძაჩემის დიდი გაშლილი ეზო სავსე იყო სოფლის კაცებით, ისე, უბრალოდ მოვიდნენ, დატკეპნილ თოვლზე ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, უხმოდ, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ.. თორმეტი, რომ შესრულდა ნელ-ნელა, ასე უსიტყვოდ წავიდნენ თავ-თავის ოჯახებში.

დიდი, პატარა, ყველა ვტიროდით... ისევ სამარისებული სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმოდა..

ბედნიერი ვარ, რომ აქ გავჩნდი, ამ ხალხს შორის გავიზარდე, ვისაც, ასეთი თანაგრძნობა შეუძლია, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მე ეს მხარდაჭერა დამავიწყდეს?! - იხსენებს „გარდენიას“ მფლობელის მონაყოლს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი