logo_geo
როგორ იქმნებოდა თბილისის ბავშვთა ქალაქი - მზიურის ეპოპეა, კურიოზები და უძილო ღამეები
- +

16 იანვარი. 2020. 02:17

 

 

ამ ქალაქს სახელი 45 წლის წინათ დაერქვა.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს და მოდი, ჩვენც ვიოცნებოთ და საბავშვო ქალაქი მზიური ავაშენოთო, - დაწერა ნოდარ დუმბაძემ.

გამორჩეულ იდეას გასაოცარი და სრულიად ორიგინალური არქიტექტორული გადაწყვეტა მოჰყვა. მზიურის ის ნაწილი, რისი აშენებაც მოესწრო, დღემდე ზღაპრული სამყაროს დასაწყისად რჩება.

წარმოიდგინეთ, ქალაქის ცენტრში სოლივით შემოჭრილი ველური ხეობა. ასეთი შანსი ბევრ ქალაქს არა აქვს. ეს ხეობა, გმირთა მოედნიდან ბეთანიამდე, იყო 20 კილომეტრი და აერთიანებდა ქალაქის ნაწილს, სასაფლაოების ზონას, ქალაქის გარეთა ნაწილს, წყნეთისა და ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიას და მიდიოდა ბეთანიის ტაძრამდე.   ცარიელ სივრცეზე აშენებულიყო ასეთი მასშტაბის ქალაქი, უიშვიათესი ამბავი იყო. არანაირი მოცემულობა,  გარდა ნოდარ დუმბაძის ერთი პოეტური ფრაზისა, - ავაშენოთ ბავშვთა ქალაქი.


რა იყო ჩაფიქრებული, რა გაკეთდა და რა ვეღარ, ამის შესახებ არქიტექტორი გია აბულაძე საუბრობს.

 

ქალაქ მზიურის იდეის ავტორი იყო მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომელმაც 1975 წელს გამოაქვეყნა სტატია და კომკავშირის ყრილობაზე სიტყვითაც გამოვიდა, - მდინარე ვერეს ხეობაში პიონერული ქალაქი, ქართული დისნეილენდი ავაშენოთო. ამ პროექტს ლობირებდა კომკავშირის ცეკა და პირადად პირველი მდივანი ჟიული შარტავა. მეორე მდივანი იყო სოსო ორჯონიკიძე, შემდეგ ის გახდა პირველი და მზიურის მფარველობაც გადაიბარა.  

როგორც გია აბულაძე ამბობს, 1979  წელს, ლევან კილაძის სახელოსნოს დაევალა, შექმნილიყო ქალაქ მზიურის გენერალური გეგმა. კილაძის სახელოსნოში შეიქმნა მზიურის არქიტექტურული ჯგუფი. თავიდან ჯგუფს ხელმძღვანელობდა ირაკლი მასხარაშვილი და ბიძინა ჩიგოგიძე. ეკონომიკურ ნაწილზე მუშაობდა თომა გუგუშვილი. მერე ირაკლი მასხარაშვილი გახდა სახელოსნოს ხელმძღვანელი, ხოლო გია აბულაძე - მზიურის ჯგუფის უფროსი.

 

მზიურის ეპოპეა სამ ნაწილად იყოფა.
პირველი იყო, ვერეს ხეობის გენერალური გეგმის შედგენა. ვერა-რეჩკა, როგორც ჩვეულებრივ ყველა ეძახდა, იყო ნაგვითა და ათასი ნარჩენით სავსე ხევი ზოოპარკის უკან, სადაც მოსწავლეები შატალოზე დადიოდნენ, სტუდენტები კი მშვილდოსნობაში ვარჯიშობდნენ.

 

მზიურის გენგეგმაზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, ცოცხალი, სრულიად ახალი საქმე და ამოცანა. უამრავი რამ ვისწავლე და გავითვალისწინე. ის გამოცდილება, რაც მზიურში მივიღე, შემდეგ ძალიან გამომადგა თუშეთის, აჭარის, ველისციხის რეაბილიტაციის პროქტირების დროს. უამრავი ფაქტორი იყო გასაანალიზებელი და გასათვალისწინებელი  _ რელიეფი, გეოგრაფია, გეოლოგია, კლიმატი, ისტორია, სოციალური გარემო. ამის მერე უნდა შეგვექმნა ის, რაც მიზნად გქონდა დასახული, ბავშვთა ქალაქი“, - იხსენებს გია აბულაძე.



 

გენგეგმაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიდიოდა.  დღეს ასეთ პროექტს ჰქვია სივრცითი მოწყობის გეგმა. მთელი ხეობის 13 მეტრი სიგრძის მაკეტი მომზადდა.

ერთხელაც, ნოდარ დუმბაძეს ვთხოვეთ საპროექტოში მოსულიყო და ენახა. მოვიდნენ ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი. ორივეს ხომ საოცრად მახვილი ენა ჰქონდა და განუწყვეტლივ ხუმრობდნენ, ჩვენც დაგვხოცეს სიცილით. მერე დასხდნენ და ირაკლი მასხარაშვილმა დაიწყო ახსნა, _ სტრუქტურის უწყვეტობა“, “ურბანულ სისტემაში შემოსული მწვანე მასივიდა ა.შ. ყოველ ხუთ წუთში ჯანსუღი მიუბრუნდებოდა ნოდარს და ეკითხებოდა: შენ თქვი, ბიჭო, ეს? ეს შენ მოიფიქრე, ნოდარ? ასე გქონდა ჩაფიქრებული? აუჰ, რამხელა რამე გითქვამს?! გვაშაყირებდენ ჩვენც და ერთმანეთსაც, გვამაიმუნებდენ, რეალურად ვერაფერი გაიგეს და არც იყო საჭირო“, - იხსენებს გია აბულაძე.

 

გენგეგმის შედგენისა და დამტკიცების შემდეგ დაიწყო მეორე, ყველაზე რთული და გრძელი ეტაპი, კონკრეტული ობიექტების პროექტირება. მზიურს უნდა ეტვირთა, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებით-აღმზრდელობითი, და რაც უმთავარესია, ქალაქის რეკრეაციული ზონის ფუნქცია. უნდა აშენებულიყო საინფორმაციო ცენტრი, კაფეები, ატრაქციონები, ორანჟერეა, კინოთეატრი, ნოეს კიდობანი, თავლა, რადგან ამ ხეობაში ცხენებით მოგზაურობაც იყო ჩაფიქრებული. ყველაფერი სიმწვანეში იყო მომოფანტული და ყველას ორიგინალური ფორმა ჰქონდა. ეს პროექტები საკავშირო კონკურსებშიც მონაწილეობდა და პრიზები და მედლები აქვს აღებული.

 

ერთ ობიექტს ერქვა ქუჩა. გვქონდა ფუნიკულიორიც, მაგრამ ის შემთხვევით დაგვემატა. ტრაქტორმა დაუდევრობით მოჭრა მთა და იძულებულები გავხდით ფუნიკულიორი მოგვეწყო. სპეციალური ტრანსპორტი გვქონდა გათვალისწინებული, რომელსაც აერობუსი ერქვა, ჩვეულებრივი საბაგიროა, მაგრამ ჰორიზონტალურად მოძრავი. გერმანიაში არსებობს ასეთი ტრანსპორტი, მიულერი იყო კონსტრუქტორი, ვინც ეს მოიგონა. მიწერ-მოწერაც გვქონდა იმ დონეზე, რაც ფედერაციულ გერმანიასთან საბჭოთა ადამიანს იმ პერიოდში შეეძლო. ვაკე-საბურთალოს გზის იქით უნდა გაშენებული ბოტანიკური ბაღი, გადასულიყო ზოოპარკი და სხვა. ყველა ობიექტი ძალიან საინტერესოდ, გამორჩეულად იყო გადაწყვეტილი“ - აცხადებს გია აბულაძე.

 

მისივე თქმით, ვერეს ხეობაში გზა მაშინდაც ჩაფიქრებული იყო, მაგრამ არა ისე, როგორც ახლანდელია. გია აბულაძის თქმით,  გზა ურბანისტმა უნდა დაგეგმოს და არა მეგზევემ, დღეს კი მზიურში გზა ისეა გაყვანილი, როგორც არ შეიძლება. თითქოს ძალით არის  გაკეთებული.

როცა მეგზევეს ეძახი და ავალებ, გზა გაიყვანოს, ის მარტივ და იაფ გადაწყვეტას გთავაზობს. არადა, გზა ურბანისტმა უნდა დაგეგმოს. პირველად არსებული გზის პროექტი რომ ვნახეთ, მერიაში წინადადებით შევედით და ვუთხარით, რომ არავითარ შემთხვევაში ამ გზის გაკეთება არ შეიძლება. ის გვერდით უნდა გადაიწიოს იმ ნიშნულამდე, რომელსაც არავითარ შემთხვევაში წყალი არ შეეხება. გვითხრეს, ეს თქვენი საქმე არ არის, უკვე გადაწყვეტილიაო. გავაფრთხილეთ, იცოდეთ, ცუდად მოგიბრუნდაბათ!“, - ამბობს სპეციალისტი.

 

მზიურის გენგეგმის ავტორებს წყალდიდობის თემაც შესწავლილი ჰქონდათ. მდინარე ვერეს ხეობა დიდი წყალშემკრებია და გამოქარული ქანებია. პირველი დიდი წყალდიდობა 1895 წელსაა აღწერილი, ხარებშებმული ურმები წაიღო მდინარემ. შემდეგ ასევე დიდი წყალდიდობა მოხდა 1924 წლის 13 ივნისს, 1940 წლის 10 მაისს, 1960 წლის 4 ივლისს და 1972 წლის 7 ივნისს.

როგორც გია აბულაძე ამბობს, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ახალდაბასთან ჩამოწოლილი მეწყერი არაფერ შუაშია, მეწყერიც და წყალდიდობაც დიდი წვიმის ბრალია. ბუნებაა ასეთი. ახლა რაღაც ღონისძიებები ჩაატარეს, გავა 20 წელი და ვნახოთ, იმუშავებს თუ არა. ისე კი გირჩევთ, დიდი წვიმის დროს ვერეს ხეობაში არ მოხვდეთ“, - ამბობს  იგი.

 

წყალდიდობის ასაცილებლად მზიურის ჯგუფი, ორ კასკადს, წყალსაცავს აკეთებდა.

ჰიდროინჟინრები იყვნენ ტყუპი ძმები, გაბო და სანდრო მენაბდეები, უკვე მოხუცები, ლამის 80 წლისანი და ამ ასაკშიც ხალისობდნენ იმაზე, რომ ერთმანეთს ჰგვანან და ამით გვაგიჟებდნენ. ერთი კარიდან გავიდოდა ჟაკეტიანი, მეორე კარიდან შემოვიდიოდა პიჯაკიანი. მონახაზიც ჰქონდათ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს კაშხალები ზემოთ, ახალდაბის გასწვრივ, რომ წყალდიდობა დაგვეჭირა, თუ დიდი წვიმა მოვიდოდა. დიდ ყურადღებას აქცევდნენ ამ თემას. განათლებული ხალხი იყო და პასუხისმგებლობა ჰქონდათ“, - იხსენებს გია აბულაძე.

 

ძალიან საინტერესო ეპოპეა იყო ზოოპარკის გადატანა. რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილებოდა.
ერთი მზიურის სტრუქტურაში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ზემოთ, მეორე იყო ლისის ტბა, მესამე _ თბილისის ზღვა, იყო კიდევ რუსთავისკენ, ჭალაში.  ყველა ამ ვარიანტს ჰყავდა თავისი ლობისტი, რადგან იქ დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა და ყველა თავისკენ ექაჩებოდა. იბეჭდებოდა სტატიები სასარგებლოც და საწინააღმდეგოც.

 

საბოლოოდ მზიურის გენგეგმა ყველა ინსტანციამ მოიწონა.  მოსაფიქრებელი იყო, საიდან გაკეთებულიყო შესასვლელი. ერთი ვარიანტი იყო ზოოპარკიდან, მაგრამ თვითონ ზოოპარკს თავისი პრობლემები ჰქონდა. ყველაზე მისადგომი და გამოსაჩენი იყო ჭავჭავაძის მხრიდან ჩასასვლელი, მაგრამ საინჟინროდ ყველაზე რთული. ჭავჭავაძის 21-ში იყო პატარა სკვერი, შუაში ოთხკუთხედი შადრევანი და კაფე „ფრანცია“. იდგა რამდენიმე მაგიდა, რომელიც ამ სკვერს უყურებდა. იქვე იყო აშენებული კედელი, რომლის იქითაც ჩადიოდა ხევი.

 

ძველად, სანამ ვაკე განვითარდებოდა, საგარეუბნო მილიციის შენობა მდგარა და ამ ხევს ერქვა Милицейский овраг, ძველ რუკებზე ამ სახელით არის დატანილი. ღრმა ხევი იყო, 20 მეტრი სიღრმის ნამდვილი ხრამი, თანაც ნაგვით სავსე.  ჩასასვლელსაც თავისი ნორმა და კანონი აქვს. მარტო ჩასვლა ხომ არ არის, ადამიანი ხომ უნდა ამოვიდეს კიდეც, ამიტომ ერთი სწორი სიგრძე არ გამოდიოდა. თანაც ბავშვები ეტლითაც ხომ უნდა ჩაეყვანათ. ასე რომ, სიმაღლეთა დიდი სხვაობა იყო დასაძლევი. გარდა ამისა, თუ რამე ატრაქციას არ ჩართავდნენ, მარტო კიბე უინტერესო იქნებოდა. შესასვლელიც მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, განსხვავებული და გამორჩეული.

 

ისევ მაკეტი გავაკეთეთ და პლასტელინით ძერწვა დავიწყეთ. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. ჩასასვლელს ზემოდან რომ დახედავ, ბორჯღალს ჰგავს, შუაში არის მაღალი სვეტი და იქ ჩარგულია ბროწეული. მეორე კიბეც ბორჯღალის თემაზეა, ოღონდ არის ფორმა და ანტიფორმა. ამ კიბეს ხომ აქვს ფორმა, მოპირდაპირე მხარესაც არის კიბე, ოღონდ უკუღმა, შიგნით ჩადის და იქ წყაროა. ერთი კიბე, რომელიც ქვემოთ ჩადის, მერე თანდათან გადადის ასეთივე კედელში. დღევანდელმა პატრონებმა, ამ კედელს ბუტკამიაყუდეს.

უამრავი  ესკიზი და მაკეტი გვქონდა გაკეთებული, კიბე მთლიანად პლასტელინით გამოძერწილი, ყველა დეტალი ცალკე დამუშავებული. პროექტი ვაჩვენეთ კომკავშირს, მოიწონეს, ქალაქმაც დაამტკიცა. გადაწყდა, მშენებლობა უნდა დავიწყოთ. მაშინ ტენდერები არ ცხადდებოდა და მოიწვიეს მშენებელი ვანო ყიფიანი. ვანო ყიფიანი არის ერთ-ერთი ნათელი პიროვნება, ვინც ცხოვრების გზაზე შემხვედრია. იყო ძალიან განათლებული, საოცარი იუმორის პატრონი, გულმხურვალე პატრიოტი, ამ მხრივ ზოგჯერ ზედმეტად ტენდენციური, ქართველები ვართ, ვინც ვართო! ჩვენი ასაკის სამი სამუშაოთა მწარმოებელი ჰყავდა, სამივე კარგი, გონიერი ადამიანი იყო და დავიწყეთ მშენებლობა“, - ამბობს გია აბულაძე.

 

ჭავჭავაძის გამზირის N21-ში კედელი რომ მოანგრიეს და ხედი გახსნეს, მერე კონტური ლითონის კონსტრუქციით შეკარეს. მთავარი იყო, რომ კონსტრუქციაზე ფარდა ყოფილიყო გადმოფარებული, როგორც თეატრის, სანახაობის სიმბოლო. ამ კონსტრუქციაზე ისხდნენ ბუ, თხა, ფრინველები და იჯდა ერთი ბიჭი. ყველაფრი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ გააკეთა. მერე ბევრი დატალი მოიპარეს, სპილენძის ფარდასაც ჩამოაჭრეს ნაწილი და დაპატარავდა. გია ჯაფარიძემ ზოგი ფიგურა აღადგინა.

 

 

 

შესასვლელში, ლითონის კონსტრუქციაზე ჩამომჯდარი ბიჭი, რომელიც გია ჯაფარიძემ გამოძერწა, მისი ძმისშვილია. მერე ბეტონშია ჩამოსხმული და ზემოდან სპილენძია გადაკრული. გიას სახელოსნოში ჰქონდა ეს ქანდაკება, რიგის ქუჩაზე. დილაა, 6 საათი, გამოგვაქვს ეს ბიჭი, დაწოლილი, ძალიან მძიმე იყო, ორ-ორ კაცს ფეხები უჭირავს, ორ-ორს ხელები, ერთსაც თავი. მანქანაზე უნდა დადონ  და მზიურში ჩაიტანონ. ამ დროს ვიღაც კაცი გაჩერდა და რა მოუვიდაო, იკითხა. გიამ უთხრა, ბევრი დალია და სახლში მიგვყავსო. იმ კაცმა ლექცია წაუკითხათ, - რომ არ უნდა დალიოს კაცმა, მით უფრო ახალგაზრდამ.

 

ჩასასვლელის მაკეტი რომ გავაკეთეთ, იქ დავსვი ერთი ტიპი, ადამიანი, რომ მასშტაბი მიმეთითებინა. კომკავშირის ცეკაში განხილვაზე მოიწონეს ჩვენი მაკეტი და ერთმა იკითხა, ეს კაცი რა მასალაში კეთდებაო? მე ვუთხარი, ბრინჯაოში უნდა გაკეთდეს-მეთქი და მაშინ გაჩნდა აზრი, მართლაც ქანდაკება გაგვეკეთებინა. გია ჯაფარიძემ არლეკინზე მუშაობა რომ დაიწყო, მოვილაპარაკეთ და სახით ირაკლი მასხარაშვილს მიამსგავსა. ირაკლის გრძელი ცხვირი აქვს და გავუშვით ჭორი, ვინც არლეკინს ცხვირზე ხელს მოჰკიდებს, სურვილი აუსრულდებაო. ამიტომ ახლაც გაპრიალებური აქვს ცხვირი“, - იხსენებს გია აბულაძე.

 

ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ერთი რამ. ხევი იყო ძალიან ღრმა, 20 მეტრი. თანაც მთელი ვაკე ხომ მეწყრული ზონაა, ამიტომ დრენაჟები ჩააწყეს. 30 ათასი კუბური მეტრი ბალასტი მოიტანეს და ჩაყარეს. გარდა იმისა, რომ ხევი უნდა ამოევსოთ, კიბეები ხომ უნდა შეექმნათ.  ნახაზებისა და მაკეტის რეალობაში გადატანა არ იყო ადვილი. ამაში ერთი ტოპოგრაფი ლიოვა ანდრეევი დაიხმარეს. დიდი ჯანის პატრონი და მაღალი დონის პროფესინალი.

ერთხელაც, იქ ვართ და ნახაზზე ვაჩვენებ იმ ადგილს, სადაც ახლა ბორჯღალის შუაში ბროწეული დგას. ვეკითხები, აბა ეს ადგილი სად იქნება-მეთქი? მოცადეო, მითხრა, ამოიღო თავისი ხელსაწყოები, გახედა-გამოხედა და ერთ ხეზე მანიშნებს, აი, ზემოთ, ჩიტი რომ ზის, იქ იქნება ეგ ადგილიო. ალბათ 15 მეტრის სიმაღლეზე იჯდა ის ჩიტი“, - ამბობს გია აბულაძე.

 

დადგა ქვაფენილის დაგების დრო. ან ბეტონის უნდა ყოფილიყო, ან ქვის. არადა, იქ პლასტიკური ფორმა სჭირდებოდათ, ამას ჩვეულებრივი ქვითა და მასალით ვერ მიიღებდნენ. ოვალური ზედაპირი რომ გამოვიდეს, მასალა უნდა იყოს კონუსური. საჭირო იყო ბეტონისგან საგანგებოდ ჩამოსხმა, მაგრამ ვინ ჩამოასხამდა? საბჭოთა დროა, ყველაფერი წინასწარი გეგმით მზადდებოდა.

მოკლედ, ჩვენი გულისტკივილი გავუზიარეთ გუჯა ბუბუტეიშვილს, ერთ-ერთ სამუშაოთა მწარმოებელს. გუჯამ გვითხრა, იქნებ მოდელი გამიკეთოთ და რამეს მოვიფიქრებო. თაბაშირისგან გავაკეთეთ, რაც გვინდოდა, ზემოთ მომრგვალებული, შიგნით ტრაპეციული ფორმის, ზომაც ზუსტად დავიცავით. მივუტანეთ გია ჯაფარიძეს და ვუთხარით, გვინდა ასეთი, ფერად ბეტონში ჩამოსხმული, ოღონდ უკან უნდა დავარტყათ ბეჭედი, დამზადებულია ჰოლანდიაში. გიამ ჩამოგვისხა ბეტონში ორი ცალი, დააწერა MADE IN  HOLLAND, ჩავდეთ ცელოფანის პარკში, გვერდები უთოთი შევუწებეთ და მე და გუჯა მივედით ვანო ყიფიანთან. ვანო თავმომწონე კაცი იყო, უყვარდა გამორჩეული და ახალი რამეები. ვეუბნები, მამაჩემი, თენგიზ აბულაძე, ახლა ჰოლანდიაში იყო კინოფესტივალზე, ვიცი, ვიციო, მპასუხობს. ხომ იცნობთ, რა ტიპია, გერმანიაში რომ იყო, მთელი ფული ერთ ცალ ბურღში გადაიხადა და ის ჩამოიტანა, ახლა კი ორი ცალი ასეთი ქვა ჩამომიტანა. ხომ იცის, რომ მე ასეთ რამეს ვეძებ. აი, ნახეთ რა კარგია. ზუსტად ასეთი რამე გვინდა, მაგრამ აბა ჩვენთან ამას ვინ დაამზადებს-მეთქი? გუჯა მიბამს მხარს, აბა, აქ ამას ვერავინ გააკეთებს, ჰოლანდია მაგარი ქვეყანააო და სხვა. ამაზე ვანომ აუშვა პატრიოტული აფრები, ვინ არიან ჰოლანდიელები, გამოყინული ტვინები აქვთ, იმათ არაფერიც არ შეუძლიათ, სულაც აქედან არიან გადასახლებულებიო. დაუძახა ვიღაც გელას და ეუბნება: აი, ამას შეხედე. სერიული ხაზი რომ ააწყო, რამდენი ხანი დაგჭირდებაო? გელამ თქვა, თვე-ნახევარიო. გელას უთხრა, გასაგებიაო, და ჩვენ მოგვიბრუნდა: _ ორ კვირაში მზად ვიქნებით! _ გელამ ატეხა ერთი ამბავი და სამ კვირაზე შევთანხმდით. სამ კვირაში რომ მივედით, დაგვახვედრეს ნიმუში, ფორმით ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ მივეცით და ძალიან გამძლე. ზუსტად ისეთი, რაც ახლა მზიურში აგია”, - ამბობს გია აბულაძე.

 

ერთ დღესაც მზიურის ჯგუფთან კომკავშირის ცეკას ერთ-ერთი მდივანი მივიდა და უთხრათ, -  მზიურში ბელადის ძეგლი უნდა დაიდგასო.  ყველას გაგვაცია, მაგრამ გია ჯაფარიძე აენთო მაგრად. აუცილებლად, ადგილიც უკვე წარმოდგენილი მაქვს და ესკიზს გავაკეთებო. ის კაცი წავიდა ბედნიერი, დავრჩით ჩვენ გაქვავებულები. გიამ დაგვამშვიდა, მე ვიცი რასაც ვიზამო. მოკლედ, გააკეთა ბელადის ძეგლი, რომელსაც ხელი ჰქონდა გადახვეული ვიღაც პატარა ბიჭსა და გოგოზე, პიონერებზე და ბუჩქებიდან გამოდიოდნენ, თანაც რაღაც უცნაურად იღიმებოდნენ. მთელი სერიოზულობით მივედით ცეკაში. გიას ვერ გაუბედეს ვერაფერი, მაგრამ თურმე გულები დაუსკდათ, ეს არავინ არ ნახოსო“, - იხსენებს გია აბულაძე.

 

 1982 წელს გაიხსნა მზიურის ჩასასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდან და პარკის პატარა მონაკვეთი. რამდენიმე წლის შემდეგ, ნოდარ დუმბაძე უკვე გარდაცვლილი იყო, მერაბ ბერძენიშვილმა მწერლის ყველაზე ნაცნობი გმირების - ზურიკელას, ბებიას, ილიკოს, ილარიონის და მურადას სკულპტურა შექმნა. ძალიან ადვილი საცნობია, რომ ბებია სესილია თაყაიშვილია, ილიკო - სანდრო ჟორჟოლიანი, ილარიონი – გრიგოლ ტყაბლაძე, ზურიკელა – სერგო ორჯონიკიძე. მერაბ ბერძენიშვილმა თენგიზ აბულაძის ფილმის გმირები გამოაქანდაკა.

 

ჩასასვლელის კეთილმოწყობის მერე ფართო ფრონტი გაიშალა, ერთდროულად რამდენიმე ობიექტის პროექტზე მუშაობდნენ, 4 თუ 5 საკმაოდ დიდი პროექტი კეთდებოდა და ყოველ ობიექტზე თითო ჯგუფი მუშაობდა. არქიტექტორთა ჯგუფების შესაქმნელად  პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კონკურსები ეწყობოდა. მზიურის ჯგუფთან მოხვდა  გაგა კიკნაძე, ირაკლი როსტომაშვილი, ლევან მუშკუდიანი, მიკა ყრუაშვილი, თიო გაბუნია, გეო ინასარიძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი, კიდევ სხვები.

 

დიდი პროექტი იყო ფრენბურთის სპორტსკოლა. ფრნბურთი კი ერქვა, მაგრამ ნამდვილი სპორტის სასახლე იქნებოდა, სამი დარბაზით, გასახდელებით, სრული ინფრასტრუქტურით. თანაც კარგი სიმაღლე უნდა ჰქონოდა ამ დარბაზებს. ამ ობიექტზე მუშაობდნენ თიო გაბუნია, ირაკლი როსტომაშვილი, ზურა ლოლაშვილი. მშენებლობაც დაწყებული იყო. ახლა იმ ადგილას, ხილიანი-დოლიძის ქუჩის გაგრძელებაზე, ორი მაღალი კორპუსი დგას. ასეთ დიდ პროექტს უკვე ვეღარავის შეაწერდი, სერიოზული თანხა სჭირდებოდა. საქმე ის იყო, რომ თუ პროექტი სამ მილიონზე ძვირი ჯდებოდა, მოსკოვში უნდა წასულიყო დასამტკიცებლად, ეს კი დიდი დავიდარაბა იყო, ძირითადად უარი.

მოკლედ, ხარჯთაღრიცხვით ორი მილიონ 999 ათასი გამოვიყვანეთ. დანარჩენი მერე უნდა გვეშოვა, ვინმეს შეაწერდა კომკავშირის ცეკა. ეს ნაცნობი ხერხი იყო მთელ საბჭოეთში და, მით უმეტეს, საქართველოში. მეტროც ხომ ასე ააშენეს მჟავანაძის დროს. თბილისი უნდა ყოფილიყო მილიონიანი ქალაქი, რომ მეტროს აშენების ნება მიეცათ. ამიტომ შემოუერთეს ყველა გარეუბანი, რომ მოსახლეობა მილიონი გამხდარიყო. რამდენიმე წელი ცენტრისგან ფარულად ხდებოდა პროექტირებაც და გვირაბების მშენებლობაც. ეს იყო ჩვეულებრივი მამაძაღლობა პატრიოტული სულისკვეთებით. ზემოთაც იცოდნენ, პარტიული მუშაკები კი იყვნენ, მაგრამ პატრიოტები. ერთ მშვენიერ დღესაც გამოვიდა დადგენილება და რესპუბლიკური მშენებლობის ბიუჯეტის ზედა ზღვარი სამის ნაცვლად გახდა ოთხი მილიონი. სასწრაფოდ გადავაკეთეთ ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ თავიდან ხელის მოწერა იყო საჭირო. ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ ის გვერდები, სადაც ხელმოწერებია, შეიძლება შეიცვალოს. ვიცით, რომელი გვერდებია ამოსაღები და ახალი ჩასაწებებელი. ხარჯთაღრიცხვის სულ ოთხი ეგზემპლარი იყო: ერთი იყო ჩვენთან, სახმშენში, ორი ჰქონდა მშენებელს, ერთიც  დამკეთს. ვანო ყიფიანთან რომ მივედით, ავუხსენით, - აი, ბატონო ვანო, ახალი ბრძანება გამოვიდა, ეს ამოსაღებია, ეს ჩასაწებებელი. მაშინვე მოატანინა ის ორი ეგზემპლარი, რაც იმასთან იყო, ამოვიღეთ ის ფურცლები, ჩავსვით ახლები, მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით“, - იხსენებს გია აბულაძე.

 

 გაიხსნა თუ არა, მზიური გამოსაჩენი და ხელისუფლებისათვის თავმოსაწონებელი ობიექტი გახდა, ყველა სტუმარი იქ მიჰყავდათ და აჩვენებდნენ.  მოვიდა გორბაჩოვი და დაიწყო პერესტროიკა. მზიური  გაიჭედა.

 

როგორც გია აბულაძე ამბობს, საბჭოთა კავშირში სამწუხარო პრაქტიკა იყო, ცეკას მდივანი თუ შეიცვლებოდა, ახალი წინა მთავრობის დროს დაწყებულ საქმეს აჩერებდა.  მემკვიდრეობითობა არც დღეს არსებობს, ახალი მოდის, ძველს ივიწყებს, ახლიდან იწყებს. არავითარ გენგეგმას პატივისცემა არა აქვს, არ მიაჩნიათ, რომ ეს არის იმ ტერიტორიის კანონი და კონსტიტუცია.

მისივე თქმით, იმ ქაოსის მიზეზი, რაც ქალაქსა და ქვეყანაშია, ის არის, რომ შექმნილი გენგეგმა არასოდეს ბოლომდე არ მიდის და არ სრულდება. აღსრულების ქმედითი და ლეგიტიმური მექანიზმებიც არ არსებობს.

ასეთი სურათია დღეს. ძალიან ვნანობ, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა მიაგდეს ეს თემა და საბჭოთა კავშირთან ერთად ვერეს ხეობის გამოყენების პერსპექტივა დაინგრა. ის იქნებოდა იშვიათი ურბანული რეკრეაციული ზონა“, - აცხადებს გია აბულაძე .

 

 

 

 

 

big_banner
არქივი