logo_geo
ქართული კონიაკით გაოცებული ჩერჩილი და ამაყი სტალინი - რა მოხდა 1945 წელს?
- +

8 თებერვალი. 2020. 20:13

 

 

1945 წლის თებერვალს, იალტის სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს შორის გამართულ დეგუსტაციაზე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც კარგად ერკვეოდა კონიაკში, ჯერ ფრანგული კონიაკი გასინჯა და უკმაყოფილო დარჩა.
შემდეგ “ენისელი” დააგემოვნა. მოეწონა: -„აი, ეს კი საუკეთესოა, ფრანგული“ – წამოიძახა.
-„ფრანგული კი არა, ქართულია“, – შეუსწორა სტალინმა.
მაშინ ჩერჩილმა ივარაუდა, – „საქართველოში, ალბათ, ფრანგი სპეციალისტები მუშაობენო.“
გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ თბილისის კონიაკის ქარხანაში, არც ერთი უცხოელი არ მუშაობდა.
კმაყოფილმა სტალინმა განკარგულება გასცა, დაეჯილდოებინათ „ენისელის“ ავტორი.

მთავარი ისტორია კი მაშინ დაიწყო, როდესაც ევროპაში სასწავლებლად წასულმა ქართველმა სტუდენტმა დავით სარაჯიშვილმა გაიგო, რომ ასე ცნობილი და მოთხოვნადი სასმელი - კონიაკი, ყურძნის ფუძეზე მზადდებოდა. ღვინის სამშობლოს კი, მხოლოდ საფრანგეთიდან შემოტანილი, ისიც დაბალი ხარისხის სასმელი ხვდებოდა წილად. საფრანგეთში წავიდა, საქმე კარგად შეისწავლა და თბილისში პირველი კონიაკის ქარხანაც გახსნა.

კონიაკის დამზადების ყოველ ნაბიჯს დავით სარაჯიშვილი პირადად აკონტროლებდა. საუკუნის მიწურულს 50-მდე სახეობის კონიაკს ამზადებდა. იმავდროულად, წარმოება გააფართოვა და ქარხნები გახსნა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე, კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში.

შვილი არ ჰყავდა, თავად კი ამბობდა ხოლმე: -„რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?!“

და ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო, საქმით დაამტკიცა. დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა და მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიას უნიშნავდა. მის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები:
ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და სხვა. ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას და სხვა მრავალ ადამიანს.

დიდ ქველმოქმედთან ერთად ნოვატორი იყო, პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე (მანამდე 9-10-საათიანი იყო). ასევე, ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისთვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი. ანდერძში კი დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე. მისი ინიციატივით აშენდა თბილისის ქვაშუეთის ეკლესია. რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და მრავალ სხვა ეკლესიას.

უზარმაზარი ქონება დააგროვა და მთლიანად საქართველოს უანდერძა:

500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.
200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.
25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.
50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.
30 ათასი მანეთი – ვლადიკავკაზის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.
100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.
10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.
171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისთვის პრემიის დასანიშნად.
50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.
10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.
10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.
200 ათასი მანეთი – ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

რაც გააჩნდა, ყველაფერი სამშობლოსთვის ემეტებოდა, კომუნისტურმა მთავრობამ კი, მისთვის დიდუბის პანთეონში, მიწის პატარა ნაჭერი არ გაიმეტა და ნათესავები აიძულეს, ვაკის სასაფლაოზე გადაესვენებინათ. მხოლოდ 90-იანი წლების შემდგომ მოხერხდა, მისივე აღდგენილი ქვაშუეთის ეკლესიის ეზოში გადმოსვენება.  

წყარო: ფეისბუქგვერდი "ისტორია ფერებით"

 

 

big_banner
არქივი