logo_geo
თბილისში საცვლების რეცხვა იკრძალებოდა - ეპიდემია ძველ ქალაქში
- +

12 თებერვალი. 2020. 01:27

 

 

XIX საუკუნის მიწურულის ტფილისი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა, ქუჩებსა და ეზოებს ცუდათ უვლიდნენ. ზოგიერთნი ეზოდან ჭურჭლისა და სარეცხი საპნის, ბინძურ წყალსა და კვების ნარჩენებსაც ქუჩაში ღვრიდა. სახლის აივანებიდან ,,ქვაშაგებსა“ და ხალიჩების მტვერს თავზე აბერტყავენ გამვლელებს. უმეტესი სახლები არ იყო სუფთად შენახული და დაცული ,,უწმინდურობისა და ავი სუნისაგან“, ბევრგან ეზოებს არ ჰქონდა ამოთხრილი ჭუჭყის გადასაღვრელი ორმო (ჯირგანა ) და კანალიზაცია. სისუფთავის მხრივ ტფილისისთვის ზამთარი სწორედ რომ მისწრება იყო, რადგან იგი ,,კარგად ჰფარავს და ჩვენს ყნოსვას სიმყრალეს და ავ სულს თავისი სიცივით არ აგრძნობინებს.“

ქალაქის მმართველობაში ფუნქციონირებდა სანიტარული-საექიმო კომისია, რომელიც მისი შესაძლებლობის ფარგლებში, პოლიციასთან ერთად ებრძოდა ამ მდგომარეობას, მაგალითად ამ კომისიამ აღმოაჩინა რომ მიხეილის ქუჩაზე დიტრიხის სახლს, არც ჯირგანა აქვს და არც ფეხის ადგილი, რისთვისაც გატარდა ადმინისტრაციული სანქციები, ან კიდევ:,,ქალაქის საბჭოს გამგეობამ ივანე მაჩაბელი სამართალში გადასცა ნებადაურთველად თავისი სახლიდან, ოლღას ქუჩიდან, არხის გაყვანის გამო“. ამ დროისთვის სოლოლაკის უბანში მთლიანად დაყვანილია საკანალიზაციო ქსელი და მიმდინარეობდა სხვა უბნების ათვისება. ქსელთან მიერთება კი თავისივე ხარჯებით ცალკეული მოსახლის ვალდებულება იყო.
ტფილისის ქუჩებში ქვაფენილს აგებდნენ, თუმცა ბევრი ქუჩა უფრო ,,განაპირა“ ქუჩები სავალალო მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით წვიმის დროს. ,,... ავლაბარში ქვით დაფენილი ქუჩები იშვიათია, ზოგან ისეთი ტალახიანი ქუჩებია, რომ კაცს გავლა არ შეუძლიან“, ან: ,,ტალახის ქუჩა შუაგულ ქალაქში. დავიჯეროთ არ შეიძლება ტალახის ქუჩა ერქვას და სუფთად იყოს შენახული?!’“. ასეთი მდგომარეობა იყო ასევე კუკიის უბნის ზედა ნაწილში (დღ. კუკია). ხარფუხში საშინელი სუნი იდგა საპნისა და ტყავის წარმოების გამო.

ქალაქში ცოტა იყო მეეზოვეთა ( დამგველი) რაოდენობა, რომლებიც ცენტრალური ქუჩის დასუთავებასაც კი ვერ აუდიოდა, დაგვასაც დღის 9-10 საათიდან იწყებენ, როცა ,,ქალაქი მოძრაობაში“ იყო, რაც მოქალაქეთა გულისწყრომის საფუძველი ხდებოდა. ნაგავს ალაგ-ალაგ აგროვებდნენ, ქარის შემთხვევაში კი საშინელი კორიანტელი იდგა.


მდგომარეობის შესამსუბუქებლად მეტეხის ციხის ზედამხედველის ჯაჯანაშვილის ინიციატივით ტფილისის ქუჩების დასასუფთავებლად ზოგჯერ ტუსაღებსაც იყენებდნენ. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ქუჩის სისუფთავეზე პასუხს ქალაქის პოლიცმეისტერის უწყება იყო. ამის გამოც პოლიცმეისტერმა ქალაქის გამგეობას მიმართა მეეზოვეების მათ უწყებაში(შტატში) გადაცემის თაობაზე.
წყალსადენის ქსელის (მილის წყალი)გაფართოებასთან ერთად (ტფილისში მოსახლეობა ჭის წყალსაც ხმარობდა) ქუჩების რწყვაც გაუმჯობესდა და უკვე ცენტრალურ ქუჩებს დღეში ორჯერ რწყავდნენ. ქუჩის სარწყავად, ხევების შეკვრას და მათში წვიმის და თოვლის დნობის შედეგად მიღებული წყალის დაგუბებას, ხელოვნური ტბების გაკეთების იდეას სთავაზობდა ნიკო ნიკოლაძე ტფილისის გამგეობას.

 

სანიტარულ-საექიმო საბჭოს რეკომენდაციით ქალაქის გამგეობამ ყველას აუწყა, რომ ,,თუ სასტუმროს ნომრის სტუმარს აუზი ადრევე ავსებულნი დახვდათ, ნება აქვთ დააცლევინონ და ხელ-ახლად აავსებინონ იგი." ახალშემოღებული წესების მიხედვით, აბანოებს ევალებოდათ გამდინარე აუზების მოწყობა. ნომრებში კი ყველა მუშტრის შემდეგ წყლის გამოცვლა. აიკრძალა თეთრეულის (საცვლების) რეცხვა. ხალხს აეკრძალ კუკიის ხიდთან სარეცხის რეცხვა.
პოლიცმეისტერის განკარგულებით ბოქაულები ქალაქის ექიმებთან ერთად ამოწმებდნენ მეეტლების საბირჟო ყავახანების და საყასბოების სანიტარულ მდგომარეობას.
გუბერნატორის განკარგულებით დგინდებოდა მაწანწალა ძაღლების დახოცვის საშუალებები და დრო.
სისუფთავის და პირადი ჰიგიენის საქმეში ტფილისის მოსახლეობას დიდი ბიძგი მისცა 1892 წელს გაჩენილმა ქოლერის ეპიდემიამ, როგორც მაშინ ამბობდნენ "ხოლერამ გაასუფთავა ტფილისი“.


მიუხედავად ზემოთ აღწერილი არც თუ სახარბიელო სურათისა ტფილისის საპარიკმახეროებსა და სააფთიაქო მაღაზიებში იყიდებოდა კანის დამარბილებელი, გამათეთრებელი ,,კრემები“, ,,საუკეთესო ღირსების“ ოდეკოლონები, ,,ბოდლოს“ ვაზელინი-საპონი, თმისა და წვერის საღებავები; ქალთა პირსახის და ხელის დასაბანი ბალზამები, იაპონური საპონი ,,მუსმე“, ხავერდის პუდრი თუ კვერცხის საპონი. აგრეთვე თმის ზეთი, პომადა, ტუალეტის წყალი, ქალთა ჰიგიენური ბალიშები, სურნელოვანი წყლები ცხვირსახოცებისთვის და ათასი სხვა რამ.
ტფილისი სულ უფრო ბაძავდა და ემსგავსებოდა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს.

 

წყარო: "ჩემი თბილი ქალაქი". ედიშერ ოდიშარია

 

 

big_banner
არქივი