logo_geo
გრიგოლ რობაქიძის წერილი ეკატერინე გაბაშვილს
- +

23 ივნისი. 2017. 20:16



16 აგვისტო, 1902 წელი, ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტის, გრიგოლ რობაქიძის წერილი ეკატერინე გაბაშვილს. „ივნისის შუა რიცხვებში „ირაკლის ფონდს" მივმართე და პირველ საერთოდ გადამიწყვიტეს ხუთმეტ თუმნამდე გერმანიაში წასასვლელად... როგორც შევიტყე, რეზიკო საზღვარ-გარეთ აპირებს წასვლას... ჩემი მხრითაც ვურჩევ, მარტი იქ წავიდეს (ბელგიაში)... იმისთანა ნიჭიერ ყმაწვილისთვის, როგორიც რეზიკოა, რუსეთი მხოლოდ ჯოჯოხეთი იქნება...". იხილეთ სრული ტექსტი:


„ვისურვებ თქვენს მშვიდობას და კეთილად წარმატებას! ვისურვებ, რომ თქვენი კალამი ისეც მაკურნებლად ხვდებოდეს დაჩაგრულ გულს... აქ ვსვამ წერილს, მეტის თქმა არ შემიძლია... პირველად უნდა აღვიარო ჩემი დანაშაული, რომ წერილით არაფერი გაცნობეთ. მაგრამ რა ვქნა, როცა ერთი ახირებული თვისება მჭირს: წერილი დაწერილიც რომ მქონდეს, მაშინაც კი მირჩება გაუგზავნელი... „დღეს-ხვალ... დღეს-ხვალ" - აი, ორი სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ ახასიათებს ამგვარ მდგომარეობას... ვეცდები აწი მაინც გადავაგდო ეს ჩვეულება... ჩემი საქმე ამგვარადაა. ივნისის შუა რიცხვებში „ირაკლის ფონდს" მივმართე და პირველ საერთოდ გადამიწყვიტეს ხუთმეტ თუმნამდე გერმანიაში წასასვლელად (სამგზავრო ფული). მეც ამ ფულს ველი დღე-დღეზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი მიმიღია. ამ ბოლო ხანებში ქუთაისში ვნახე ბ-ნი კიტა აბაშიძე და მან გადმომცა, რომ სანამ ყველა თბილისში არ შევიკრიბებით, მანამდე ფულის მოცემა უხერხულიაო. მათი შეკრება კი ენკენისთვის შუა რიცხვებამდის არ მოხდება. უნდა ვუცადო მეტი რა ღონეა! რაც შეეხება თვიურ სტიპენდიას, ამაზე ამ ფონდში ზოგი თანახმაა და ზოგი არა. დამაბრკოლებელი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მე უნივერსიტეტი არ დამისრულებია, რაც ეწინააღმდებება მათ პრინციპიალურ დადგენილებას... ასე რომ ჯერჯერობით ეს საკითხია და ვერაფერს ვიტყვი... თუ არაფერი იქნა, იმ შემთხვევაში იმედი მაქვს ერთ პატარა წრიდან 30-40 მან. მიგზავნონ თვიურად. ასე ამგვარათაა ჩემი საქმე. დოკუმენტები გამოვიწერე და კიდეც მომივიდა... როგორც შევიტყე, რეზიკო საზღვარ-გარეთ აპირებს წასვლას. ეს ძლიერ სასიამოვნოა და ჩემი მხრითაც ვურჩევ, მარტი იქ წავიდეს (ბელგიაში). აქ, რუსეთში მომავალი წლიდგან დიდი სისხღვრა იქმნება. ეს ნამდვილი წყაროებიდან გავიგე. ესეც არ იყოს, იმისთანა ნიჭიერ ყმაწვილისთვის, როგორიც რეზიკოა, რუსეთი მხოლოდ ჯოჯოხეთი იქნება. მე თუ მომიცდის, კარგი იქნება, ერთად წავალთ. დაბრკოლებით არ დაბრკოლდება, რადგან იქ (ყველგან) ნოემბერშია მიღება... თუ თქვენ მანდ დარჩებით ამ თვის ბოლომდე მაინც, შეიძლება მე ამოვიდე, პირდაპირ ახალქალაქში. თუ არა, თბილისში მაინც გნახავთ. გიკითხავთ წრფელი გულით ყველას... თქვენი პატივისმცემელი გრიგოლ რობაქიძე


P.S. პარმენმა მოგიკთხათ. მარიამის ბულვარში თქვენი ძმის ქალიშვილი ვნახე და ისე გამეხარდა, რომ თქვენ სახლში მეგონა ჩემი თავი..."


 


წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი


 

 

big_banner
არქივი