logo_geo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

28 ივლისი. 2017. 11:14



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს  "ლადი 2011"-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს  და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული - ინერტული სამშენებლო მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.  ბრალდებულმა საჯარო მოხელეს  სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობა თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ წინასწარ ქრთამის სახით მისცემდა  მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბზე 50 თეთრის ოდენობით.

 

შპს  "ლადი 2011"-ის დამფუძნებელმა აღნიშნულ საჯარო მოხელეს წინასწარ ქრთამის სახით გადასცა მოსაპოვებელი 8000 კუბი ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების საფასური - 4000 ლარი, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2  ნაწილით, რაც სასჯელის სახით  4-დან  7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

big_banner
არქივი