logo_geo
ექიმის შეურაცხყოფა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი გახდება
- +

27 ივლისი. 2019. 16:50

 

ექიმის შეურაცხყოფა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი გახდება. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

 

კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი იქნება ასევე ექიმზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა. ცვლილებით, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები ჩნდება.

 

ამ ეტაპზე, ექიმზე ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი „სისხლის სამართლის კოდექსის“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით განიხილება.

 

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე საგრძნობლად მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება პაციენტის ჯანმრთელობას.

 

„ექიმი, რომელიც იმყოფება ნებისმიერი სახის ძალადობის ქვეშ შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს. მაშინ, როდესაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება წყვეტს, შეშინებული ან ძალადობის ქვეშ მყოფი ექიმი ვერ იქნება კარგი მშველელი, ვერ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ვერ გაუწევს პაციენტს სათანადო სამედიცინო მომსახურებას“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტის ინიციატორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, ელგუჯა გოცირიძე, კობა ნარჩემაშვილი, მარიამ ჯაში არიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი