logo_geo
ოკუპირებული ახალგორის გადასასვლელი ხვალ ისევ ჩაიკეტება
- +

5 თებერვალი. 2020. 17:26

 

 

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის გადასასვლელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ათი დღით გაიხსნა, სავარაუდოდ ხვალ ისევ ჩაიკეტება.

 

არსებული ინფორმაციით, ხვალის ჩათვლით იქნება შესაძლებელი ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გადაადგილება. შემდეგ აპირებენ ჩაკეტვას. ამ ათდღიანი გახსნით ისარგებლა ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობამ. ვინც ვერ ისარგებლა, არიან იმ კატეგორიის პენსიონრები, რომელთაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი არ აქვთ, არ იღებენ იქაურ პენსიას და არიან მხოლოდ ქართულ პენსიაზე“, – აცხადებს თინიკაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, 1 200 ადამიანი ვერ იღებს გადმოსასვლელით სარგებლობის უფლებას.

 

„უამრავ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, სხვადასხვა საქმეები აქვთ, ოჯახის წევრები ჰყავთ და ა.შ. ასე რომ, გარკვეულწილად, ეს იყო კარგი ნაბიჯი, რაც გადმოიდგა. თუმცა არ არის საკმარისი, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და მოსახლეობამ რაღაც სიკეთე მიიღოს“, – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

 

​მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორი თვის მერე კიდევ იქნება მსგავსი ათდღიანი პერიოდი, როცა პენსიონერებს მიეცემათ გადმოსვლის საშუალება.

 

„დაახლოებით ორი თვეა, ახალგორის საავადმყოფოში შეიქმნა ხუთკაციანი სამედიცინო კომისია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტს მისცეს უფლება, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს. ამ გზით, დაახლოებით 30 ადამიანი გადმოვიდა და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. იმ ფონზე, როდესაც თანდათანობით უმჯობესდება მდგომარეობა, იმედს ვიტოვებ, რომ დანარჩენ მოსახლეობასაც მიეცემა მიმოსვლის საშუალება და უფლება“, – აცხადებს თინიკაშვილი.

 

 

big_banner
არქივი