logo_geo
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, უკრაინის ორი მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის პროცესი მიმდინარეობს
- +

10 თებერვალი. 2021. 15:02

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესი მიმდინარეობს. როგორც დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, მიხეილ ბატურინი, იური ხოვიჩი და ვოლოდიმერ გიაჩენკო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ დააკავეს.

 

მისი მტკიცებით, პირებს უფლება ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიული წყლებით ესარგებლათ, რაც საერთაშორისო კონვენციით დასტურდება.

 

ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებებს წარადგენს, ასევე დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართავს.

 

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას წარადგენს, დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე.

 

„მიხეილ ბატურინი, იური ხოვიჩი და ვოლოდიმერ გიაჩენკო ქართული ხელისუფლების მძევლები არიან, ისინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ, მშვიდობიანი გავლის უფლებით. საერთაშორისო კონვენციებით, ქართული კანონმდებლობით ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა არის ნებადართული ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერი არასამხედრო გემისთვის.

 

ისინი ტერიტორიულ წყლებში შეაჩერეს და მათთვის არ განუმარტავთ არანაირი ნორმა. მათი დაკავებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, კანონმდებლობით რომელი მოთხოვნა დაარღვია რომელიმე მათგანმა“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

 

პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი