logo_geo
მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
- +

11 ივლისი. 2021. 01:16

 

 

მედიასაშუალებების წარმომადგენლების, მათ შორის, „ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს - რომეო კეკუტიას, გიორგი ნასყიდაშვილს, თედო ბურდულს და გიორგი კახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. პროცესს ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც. პროკურორების განმარტებით, ბრალდებულები ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ, შესაბამისად, მათ მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა.

 

ბრალდების მხარის განმარტებით, პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა დასაბუთებულია და ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება დაკავებულებისთვის შეიძლება ხელსაყრელიც კი იყოს. დაკავებულებმა რომეო კეკუტიამ და თედო ბურდულმა განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ. გიორგი ნასყიდაშვილმა კი აღნიშნა, რომ მომხდარის გამო წუხს, მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია. დუმილის უფლებით სარგებლობს ბრალდებული გიორგი კახიანი.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულ რომეო კეკუტიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან, მისი თქმით, მოსამართლე შემჭიდროებულ ვადებში საქმის შესწავლას ვერ მოასწრებდა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხა და განმარტა, რომ ის დასაბუთებული არ იყო.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებს იცნობს და შეუძლია ზედმიწევნით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები რომეო კეკუტია, გიორგი ნასყიდაშვილი, თედო ბურდული და გიორგი კახიანი ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. სამართალდამცველებმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, თედო ბურდული და გიორგი ნასყიდაშვილი 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

 

 

right_banner big_banner
არქივი