logo_geo
პროკურატურამ სოფელ გურჯაანში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 23:17

 

 

 

„საქართველოს პროკურატურამ სოფელ გურჯაანში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ა.ზ.-ს ბრალი წარუდგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 19 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მკვლელობა განიზრახა. მან საკუთარი სახლიდან აიღო გლუვლულიანი სანადირო თოფი და გ.ზ.-ს და მის მეუღლეს დამიზნებით ესროლა. მ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოში.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

 

big_banner
არქივი