logo_geo
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

9 მარტი. 2022. 17:31

 

ავსტრალიელი მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა შანაი ბრუკის ძმას, ტაისონ ედვარდსს ბოდიში მოუხადა.

 

„ვიცი, ჩემი ბოდიში რომ არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გულწრფელად ვდგავარ თქვენ წინაშე, ბოდიშს ვიხდი“, - აღნიშნა მურსაკულოვმა.

 

ინფორმაციისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

 

30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.

 

შანაი ბრუკის ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

 

მას 100-მდე მეხანძრე მაშველი, მოხალისეებთან ერთად ეძებდა. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ცხედრის პოვნის შემდეგ ბრალი გადაკვალიფიცირდა.

 

 

big_banner
არქივი