logo_geo
სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დასჯადობის საკითხები ახლებურად დარეგულირდება
- +

21 აპრილი. 2022. 19:56

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილების თანახმად, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების დამარეგულირებელი მუხლების დებულებები აღარ გავრცელდება და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედება ახლებურად დარეგულირდება. კერძოდ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა სასამართლოს მიერ წინასწარ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდება, ხოლო კომპიუტერული მონაცემის გადაუდებელი აუცილებლობით გამოთხოვის შემთხვევაში, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებას სასამართლო გააკონტროლებს post-factum.
მოქმედი კანონით, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ან ცალკეულ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე არის დასაშვები. შესაბამისად, ცალკეულ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე არ ვრცელდება კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვის მექანიზმი.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად დარეგულირებას. კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს შეატყობინოს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის შესახებ. ამის შემდეგ, პროკურორი უფლებამოსილი იქნება მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემიდან სასამართლო კონტროლით გამოითხოვოს ინფორმაცია სატელეფონო ნომრის, მისი მფლობელისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების დროის შესახებ.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანასაც, რომლის თანახმად, მკაცრდება სასჯელის ზომა განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის. კერძოდ, განზრახ მკვლელობა ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამჟამად, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ცვლილებების თანახმად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევაში კი, ხდება დამამძიმებელი გარემოებების გაერთიანება და იმატებს სანქციები.
„ჩვენი მიზანია სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებაში გატარდეს პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკა და ამ პოლიტიკის ფარგლებში სანქციები ისე იყოს მოწესრიგებული კანონმდებლის მხრიდან, რომ ის იძლეოდეს პროპორციული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

 

 

big_banner
არქივი