logo_geo
ზვიად გუბელაძე: გვარამიამ კომპანიის გაკოტრების მიზნით, ტელეკომპანიის საეთერო დროის გასხვისების ხელშეკრულება გამოუცდელ კომპანიას გაუფორმა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებლად ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობარი დარეგისტრირდა
- +

18 მაისი. 2022. 23:06

 

 

“მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნიკა გვარამიას ტელევიზიის ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება,” - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს. მისი განმარტებით, საქმის გამოძიება 2019 წლის ივნისში „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, სრული და ობიექტური გამოძიება შედეგადაც მოპოვებული იქნა უტყუარი მტკიცებულებები, რომ 2015-2019 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მენეჯმენტს, მათ შორის ნიკა გვარამიას ჩადენილი ჰქონდა არაერთი სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული.

 

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე გამოძიება 2019 წლის ივლისში, ხოლო ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. მოცემული დროისთვის იგი არ იყო ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და არც ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე. შესაბამისად, საუბარი მის მიმართ შურისძიებაზე, როგორც სატელევიზიო არხის დამფუძნებელზე, უსაფუძვლოა. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნებისმიერი პირი, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს აგებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება 2019 წლის ივლისში, „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, სადაც მითითებული იყო გენერალური დირექტორის მიერ ტელეკომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე. საქმეზე ჩატარდა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ 2015-2019 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მენეჯმენტს, მათ შორის ნიკა გვარამიას ჩადენილი ჰქონდა არაერთი სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული. კერძოდ: მას შემდეგ, რაც გაჩნდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკანონოდ მიტაცებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში კომპანიის წილების დასაბრუნებლად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ -მა წინა წელი უპრეცედენტო მოგებით დაასრულა“, - განაცხადა გუბელაძემ.

 

პროკურორმა ასევე, ისაუბრა იმ სქემის შესახებ, რომელსაც გვარამია ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ გასაკოტრებლად იყენებდა.

 

„ნიკა გვარამიამ კომპანიის გაკოტრების მიზნით და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ტელეკომპანიის საეთერო დროის გასხვისების ხელშეკრულება ახლად შექმნილ და სრულიად გამოუცდელ კომპანიას - „ინტერმედია პლუსს“ გაუფორმა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებლად ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობარი დარეგისტრირდა. ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის წილებზე დავის სასამართლოში დაწყების შემდგომ, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით „რუსთავი 2“-ს აღარ უხდიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყიდული რეკლამის სანაცვლოდ მისაღებ თანხებს და ამ თანხებს იტოვებენ ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რითაც მნიშვნელოვნად ზიანდება „რუსთავი 2“-ის ფინანსური ინტერესი. ამ ყველაფრის მიზანს კი წარმოადგენდა ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-სთვის მაქსიმალური ფინანსური ზიანის მიყენება და მეორე მხრივ, მისი მეგობრის კომპანიის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება. აღნიშნული ქმედებით, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ 6 763 509 ლარი გაფლანგეს, რაც მიზანად ისახავდა კომპანიის აქტივების გადატანას მათთან დაკავშირებულ ნიკა გვარამიას მეგობრის კომპანიაში, რათა „რუსთავი 2“ ნამდვილ მესაკუთრესთან დაბრუნების შემთხვევაში, ყოფილიყო სრულიად გაკოტრებული. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ გაფლანგეს „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა „ინტერ მედია პლუსის“ სასარგებლოდ, „ინტერ მედია პლუსის“ დამფუძნებელმა, აღებული დივიდენდის დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას დავალებით გადასცა ამ უკანასკნელთან დაახლოებულ პირებს, რომლებმაც თბილისის პრესტიჟულ უბნებში შეიძინეს ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

კერძოდ: 2016-2017 წლების პერიოდში, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 153.6 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ღირებულებით 170 000 აშშ დოლარი (387 413 ლარი), ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 71.3 კვ.მ საცხოვრებელი ბინა - ღირებულებით 75 000 აშშ დოლარი (172 252 ლარი), ატენის ქუჩაზე მდებარე 141.2 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ღირებულებით - 95 000 აშშ დოლარი. (236 578 ლარი). გარდა უძრავი ქონებებისა, მითითებულ პერიოდში გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს GRAND CHEROKEE-ის, HONDA-ს, TOYOTA-ს და FIAT-ის მარკის ძვირად ღირებული 4 ავტომობილი, ღირებულებით - 352 260 ლარი. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიამ მილიონობით ლარი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-დან გადაიტანა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში - „ინტერ მედია პლუსში“, რათა ეს თანხები შემდგომში გამოეყენებინა პირადი და მასთან დაკავშირებული პირების სარგებლისთვის.

 

მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კი მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა ფაქტიურად სრულიად გაკოტრებული. რაც შეეხება კიდევ ერთ ეპიზოდს, ესეც გახლავთ კომპანიაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი. კერძოდ, ნიკა გვარამიამ, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად „პორშეს“ ცენტრში პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი ,,Porsche Macan S”. ნიკა გვარამია ავტომობილის საფასურს იხდიდა „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულების სანაცვლოდ, ანუ იმის ნაცვლად, რომ რეკლამის ღირებულება შესულიყო „რუსთავი 2“-ში, მან გააფორმა ხელშეკრულება ასევე მასთან დაკავშირებულ კონპანია „პროესკოსთან“, რომელიც ამ რეკლამის საფასურს იხდიდა ნიკა გვარამიას მიერ შერჩეულ „პორშეში“. ამ ოპერაციის შედეგად, „რუსთავი 2-ს“ არ მიუღია არც ერთი თეთრი და „რუსთავი 2”-ის მისაღები თანხა „პროესკომ“ გადაიხადა „პორშეს“ შესაძენად და ეს მანქანაც გაფორმდა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული კომპანიის - “პროესკოს” საკუთრებად. შესაბამისად, განცხადებები, თითქოს ამ მანქანას ნიკა გვარამია სამსახურებრივი მიზნებისთვის იყენებდა - არის სიცრუე, ვინაიდან ეს მანქანა არ იყო “რუსთავი 2”-ის საკუთრებაში და ეს თვალთმაქცური გარიგება ისევ და ისევ ემსახურებოდა „რუსთავი 2“-სთვის ფინანსური ზიანის მიყენებას და ნიკა გვარამიასთვის პირადი სარგებლის მიღებას. ეს ყველაფერი არის უტყუარად დადგენილი გამოძიებით, ხსენებული მანქანა დღესაც „პროესკო მედიას“ საკუთრებაა, ხოლო გამოძიების მიერ მის ამოღებამდე ამ მანქანით სარგებლობდა ნიკა გვარამია“, - განაცხადა გუბელაძემ.

 

16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი