logo_geo
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

21 ივნისი. 2022. 23:32

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

 

უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნულ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ დაზარალებული ოპერატორი და რესპოდენტები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოიკითხნენ ფაქტის თვითმხილველი პირები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი იყო შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კამერის ჩანაწერები - მთლიანობაში 8 საათიანი მონაკვეთი, მოხდა მათი შესწავლა, დამუშავება და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირება.

 

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, - განაცხადა კაციტაძემ.

 

big_banner
არქივი