logo_geo
ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის დაცვის მხარემ შეიძლება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს
- +

22 სექტემბერი. 2022. 12:38

 

საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ამ წუთებში, გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ხვდება. როგორც მან მედიასთან განაცხადა, შეიძლება, დაცვის მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.

დარწმუნებული ვარ, აღკვეთის ღონისძიებაც დღეს განიხილება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ, ამასაც დაკავებული პირის ინიციატივითა და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. ახლა, ჩემდამი იქნება განმარტებული, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებები შეიძლება იყოს დაყენებული. ალბათ, რომელსაც თვითონ დასაცავი პირი აირჩევს, მასზე ჩამოვყალიბდებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ჯანმრთელობის სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია, იყო თუ არა აუცილებელი, მას მიყენებოდა ის დაზიანებები, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება. დაცვის მხარე არ გამორიცხავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, რათა სრულად გაირკვეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, - აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დაკითხვა მოითხოვოს. სულაქველიძის თქმით, მინისტრის მოადგილემ, დაკავების დროს, განაცხადა, რომ ნარსიამ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რასაც თავად დაკავებული უარყოფს.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

big_banner
არქივი