logo_geo
შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებში აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა
- +

29 ოქტომბერი. 2022. 12:31

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფმა, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის პოლიციის დირექტორმა, ბრენდან კელიმ.

ვიზიტის ფარგლებში, ილინოისის პოლიციის დირექტორი ეწვია შსს-ს აკადემიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური პოლიციის დეპარტამენტებს.
შეხვედრების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრენდან კელის დეტალურად გააცნეს დეპარტამენტების სტრუქტურა და საქმიანობის სპეციფიკა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი ძალადობის და სხვა მიმართულებებით საქართველოში არსებული მდგომარეობა.

ბრენდან კელისთან ერთად, შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი - სარა რუპერტი და პოლიციის საკითხებში უფროსი მრჩეველი - ერიკ საივეკი.

ვიზიტის ფარგლებში, ბრენდან კელიმ დაათვალიერა შსს-ს აკადემია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორია, საპატრულო ეკიპაჟის აღჭურვილობა და გაეცნო ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ სერვისებს.

შეხვედრების დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ბრენდან კელი 2019 წლიდან არის ილინოისის პოლიციის მე-8 დირექტორი. როგორც დირექტორი, იგი მთელი შტატის მასშტაბით ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოს, კრიმინალური გამოძიების, საპატრულო, საექსპერტო, სასამართლო სერვისების, 911-ის, აკადემიის, სატრენინგო და სხვა მიმართულებებს.

 

 

big_banner
არქივი