logo_geo
თეიმურაზ კუპატაძე: დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
- +

12 სექტემბერი. 2023. 13:11

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოდანაშაულისთვის უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.

 

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ღონისძიება გრძელდება და დღის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება.

 

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე, დაკავებულია 10 -ზე მეტი პირი, ღონისძიება გრძელდება და დღის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, ნარკორეალიზაციიდან მიღებული თანხა. დაკავებული არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

 

big_banner
არქივი