logo_geo
სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვაზე მისვლის დამადასტურებელ ფოტო-მასალას ავრცელებს
- +

20 ოქტომბერი. 2023. 20:09

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უწყებაში გამოკითხვაზე მისვლის დამადასტურებელ ფოტო-მასალას ავრცელებს.

 

 

სუს-ის განმარტებით, გამოკითხვაზე ფარცხალაძის მისვლის ამსახველი ფოტო-მასალა საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო გასაჯაროვდა.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში სუსის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა იმის დამადასტურებელი ფოტო-მტკიცებულება, რომ ოთარ ფარცხალაძე სუსში გამოკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდა. ამ კითხვაზე გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ ასეთი მასალა არსებობს. ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

 

 

როგორც ცნობილია აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 პირზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.

 

 

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სუსმა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით - გამოძიება.

 

 

ამ ფაქტს თავად ფარცხალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა.

 

 

მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

 

 

big_banner
არქივი