logo_geo
„მეორე და მესამე ცოლებმა დამანახვეს, რა კარგი პირველი ცოლი მყოლია!“
- +

1 თებერვალი. 2019. 00:06

 

რატომ უბრუნდებიან მამაკაცები პირველ ცოლებს? შესაძლოა, ''შეჩვეული ჭირი'' ურჩევნიათ ახალს, ან ხვდებიან, რომ პირველი ქორწინება მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მის მიმართ მუდმივი ნოსტალგია აქვთ.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 42 წლისაა. მან რამდენჯერმე მოასწრო, ისე შეჰყვარებოდა ქალი, რომ საკურთხეველთან სიკვდილამდე ერთგულების ფიცი დაედო. თუმცა, როგორც წესი, სიყვარული ქრებოდა, ფიცი ტყდებოდა და ახალი თავგადასავლებისაკენ ლტოლვა იწყებოდა...

- 21 წლის ვიყავი, როცა პირველად მოვიყვანე ცოლი. ეს ის ასაკია, როცა ადამიანს პასუხისმგებლობა უკვე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს. თითქოს 

მეც ვიცოდი, რამდენად სერიოზული ნაბიჯი გადავდგი - ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ცოლს ბავშვის გაზრდაში ვეხმარებოდი და სანიმუშო ახალგაზრდად ვითვლებოდი, თუმცა ვგრძნობი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც მაკლდა. ეს ფული იყო. 

ვერ წარმოიდგენთ, რა არ გავაკეთე ფულის საშოვნელად. ვისთანაც მიმესვლებოდა, ყველას კარზე დავაკაკუნე, ზოგს აზრს ვეკითხებოდი, ზოგს დასაქმებას ვთხოვდი; ერთისგან ფულს ვსესხულობდი, მეორეს ჩავასესხებდი. დილით თბილისში ვიყავი, საღამოთი - ვლადიკავკაზში. აქედან იაფად ნაყიდი ლითონი გამქონდა, იქიდან თევზის ნაწარმი ჩამომქონდა. მოკლედ, დღე და ღამე ერთმანეთში ამერია. აღარც ცოლი მახსოვდა და აღარც შვილი. მხოლოდ ფული მაინტერესებდა და ვიშოვე კიდეც. როცა პირველი ''მერსედესი'' შევიძინე და სანზონიდან საბურთალოზე გადავსახლდი, მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ჩემსა და მეუღლეს შორის ხიდი ჩამტყდარიყო.


- იქნებ ასე არც იყო და ფულთან ერთად თავისუფლების დაბრუნებაც მოგინდათ?


- სიმართლე გითხრათ, ამ პერიოდში ერთ ძალიან ლამაზ გოგონას ვხვდებოდი. მას მაკა ერქვა. ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ რომანში გადაიზარდა. ეს ამბავი ჩემი ცოლის ყურამდეც მივიდა. მან სკანდალი მოაწყო და სახლიდან წავიდა. სალომეს შეეძლო ქონების შუაზე გაყოფა მოეთხოვა, რადგან ყველაფერი თანაცხოვრების პერიოდში შევიძინე, თუმცა ფულზე სიტყვაც არ დასცდენია, განსხვავებით ჩემი მომდევნო ცოლებისგან. მათთან დაშორებაზე სიტყვაც არ მქონდა დამთავრებული, რომ მორალურ კომპენსაციაზე იწყებდნენ ლაპარაკს და ჩემი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი მიჰქონდათ.


- რა მორალურ ზიანს აყენებდით, კომპენსაციად რომ გიჯდებოდათ?


- ქალზე ხელი არასოდეს ამიწევია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაარტყა ქალს და ღამე მისი სარეცელი გაიზიარო. როცა სალომეს დავშორდი და მაკა ცოლად მოვიყვანე, პირველი პერიოდი ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თანდათან მისი ნაკლი თვალშისაცემი გახდა. ვეღარ ვიტანდი, 12 საათამდე რომ ეძინა, აბაზანაში 2 საათს რომ ატარებდა, თმის ფერს კვირაში ორჯერ რომ იცვლიდა და ყველაფერზე ისტერიკებს აწყობდა.
როცა მას გავშორდი, დეპრესია რომ არ დასწყებოდა, ოროთახიანი ბინა ვაჩუქე. ქალი ისეთი კმაყოფილი დარჩა, თვალებში რომ ჩავხედე, პირველად მაშინ ვინანე სალომესთან განქორწინება. მაკასთვის მთავარი ბინა და მანქანა ყოფილა, ჩემთან ერთად ან ჩემ გარეშე. თუმცა თავი დიდხანს არ დამიტანჯავს. ერთხანს მთელი ძალისხმევა სამსახურისკენ მივმართე, შემდეგ ახალი ქალიც გამოჩნდა. 


- მან რით მოგხიბლათ?


- ნინიკო მორცხვი, სიტყვაძუნწი, თვინიერი ადამიანი იყო. ვიფიქრე, ამ ქორწინებით ნამდვილ სიყვარულს ვიპოვიდი. სინამდვილეში კი სულ უფრო ვშორდებოდი მას. ნინიკოს გარეგნული სახე მხოლოდ ნიღაბი აღმოჩნდა, მას მდიდარ კაცზე უნდოდა გათხოვება და როცა საწადელს მიაღწია, ხასიათიც გამოეცვალა.


- ყველა ფულის მოყვარული თქვენ როგორ გხვდებოდათ, იქნებ ეს მხოლოდ თქვენი ეჭვები იყო?


- კარში ფეხი შემოდგმული არ ჰქონდა, ბინის საბუთები მოითხოვა, გაარკვია, რომელ ბანკში რა დანაზოგი მქონდა. როგორი იყო ჩემი ტვირთბრუნვა და თითოეულ შემოტანილ საქონელზე რამდენი პროცენტი მრჩებოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ქალური ცნობისმოყვარეობა ალაპარაკებდა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ვცდებოდი.
გათხოვებამდე მამის მოვალეები ახრჩობდნენ ოჯახს და სად დამალულიყო, არ იცოდა, ქორწინების შემდეგ კი მოსამსახურის აყვანა მომთხოვა. საძინებლის გვერდით პირადი ჯაკუზიც გაიკეთა, შავი მარგალიტის ბეჭდები შეიძინა და ''ჰოლივუდის ღიმილის'' გასაკეთებლად უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. ხანდახან ვფიქრობ, ეტყობა, თავად ვარ ისეთი ადამიანი, რომ ნებისმიერ ქალს, რაც უნდა იდეალური იყო, ხასიათს ვუფუჭებ. ჯერ ზედმეტად ვანებივრებ, შემდეგ კი მისი ხუშტურების ატანა აღარ შემიძლია. გამონაკლისი მხოლოდ ჩემი პირველი ცოლი იყო.


- როცა ის თქვენი ცოლი იყო, ფული არ გქონდათ, იქნებ ამიტომ ვერ მოახერხეთ მისი ''გაფუჭება''?


- ის ჩემი შვილის დედაა და ყოველთვის შეეძლო ფული მოეთხოვა, პრეტენზიები გამოეთქვა, თუმცა ერთხელაც არ დაურეკავს. ბავშვს თავად ვაქცევდი ყურადღებას, არც არაფერს ვაკლებდი, მაგრამ ხარბი ადამიანი მიზეზს მაინც ნახავდა.


- როცა სალომეს შერიგება სთხოვეთ, თქვენს ახლობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?


- მეგობრები ჩემზე უკვე ''შაყირობდნენ'', ისინი სულმოუთქმელად ელოდნენ, როდის დავპატიჟებდი მეოთხე ცოლის გასაცნობად, მაგრამ სალომე რომ დახვდათ, ყველამ მშვიდად ამოისუნთქა. იმ დღეს გულწრფელად მისურვეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი ქორწინება ყოფილიყო.


- თავადაც ასე ფიქრობთ?


- ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ სალომეს ისევ დავშორდი, ცოლის მომყვანი აღარ ვარ...

წყარო : wyaro
big_banner
არქივი