logo_geo
„სახეს“ 20 წლის იუბილეზე ვარსკვლავს გაუხსნიან
- +

20 მარტი. 2017. 23:00


 


ჯგუფი „სახე" 1993 წელს დათო ფორჩხიძემ, დათო ხუჯაძესა და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა. „როცა იმ ბნელ 90-იანებში მუსიკას ვწერდი, ვიცოდი, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა, ვიცოდი, რომ ვარსკვლავები გავხდებოდით და თვალწინ მედგა, როგორ მივიდოდით ლიმუზინით ან ვერტმფრენით კონცერტებზე", - იხსენებს ფორჩხიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.


დათო წინასწარმეტყველი გამოდგა, „სახემ" ქართულ პოპმუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი, ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელსაც უამრავი ფანი ჰყავდა. ჯგუფის ჰიტები 1997-2000 წლებში იყო: „თოვლი მოსულა", „შენ რა სექსი ხარ", „რომ შემეძლოს მე", „ამაღამ", „როგორ მინდა მოგეფერო", „ახლა შენი დროა", „მაღლა ხელები", „წვიმად გადავიქეცი"... ჯგუფი თავად ქმნიდა სიმღერებს და თავადვე ასრულებდა.


20 წლის შემდეგ ჯგუფმა იუბილეს აღნიშვნა სოლო კონცერტით გადაწყვიტა. კონცერტი 14 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ამ დღეს ჯგუფს ვარსკვლავს გაუხსნიან. ეს იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში, როცა ჯგუფის პატარა ასაკის წევრებს ვარსკვლავს უხსნიან. ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა" ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დათო ხუჯაძე ჩაწერა.


- დათო, ვის ეკუთვნის იდეა, რომ ჯგუფი 20 წლის შემდეგ კვლავ ერთ სცენაზე სოლო კონცერტით დადგეს?


- იდეა მე მეკუთვნის. გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ 20 წელი გვისრულდება. ეს საიუბილეო თარიღია და ამის ასე ჩუმად გატარება არ შეიძლება. მიგვაჩნია, რომ „სახე" ვარსკვლავსაც იმსახურებს, ამიტომ ამ სიხარულსაც მივანიჭებთ ჩვენ მსმენელსა და გულშემატკივარს...

 

- ვარსკვლავის გახსნა ვინ შემოგთავაზათ?


- თავად შევთავაზე დავით ოქიტაშვილს, მოეწონა ეს იდეა, გაუხარდა და დამეთანხმა. ვფიქრობ, ვიმსახურებთ.


- ალბათ, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდება თქვენს ვარსკვლავს, რა ღვაწლი აქვთო, ამასაც იტყვიან. ამისთვის მზად ხართ?


- რა თქმა უნდა, მზად ვართ. ნებისმიერ კრიტიკოსს შემიძლია, დავუმტკიცო, რომ „სახე" ამას იმსახურებს. დამისახელონ ერთი ბოიბენდი, რომელსაც ამდენი კონცერტი ჩაუტარებია, ალბომი გამოუშვია და ასეთი სიყვარული დაუმსახურებია მაყურებლისა თუ მსმენელის...


- კონკურენტებიც გყავდათ...


- ჰოდა, დაითვალონ, მარტივია ძალიან.


- ჯგუფში სამი წევრი ხართ. შენ, დათო ფორჩხიძე და გოგა ხაჩიძე. სამივე წარდგებით იუბილეზე მაყურებლის წინაშე?


- არა, სამწუხაროდ, გოგამ უარი თქვა კონცერტში მონაწილეობაზე...


- რა მიზეზით?


- მიზეზით აღარ დავინტერესებულვარ. იდეის შესახებ რომ ვუთხარი, თავიდან თითქოს მოეწონა, მერე უარი მითხრა. ძალიან სამწუხაროა. არადა, კარგი შეთავაზება გავუკეთე...


- გამოდის, ორნი იდგებით სცენაზე?


- ასეა, აფიშები უკვე დავბეჭდეთ. თან ჩვენ მოწვეული გვყავს ახალგაზრდა შემსრულებლები, ჯგუფები, ისინი, ვინც ჩვენი სიმღერები ახლებურად გააკეთეს და იმღერეს. შესრულდება ყველა ჩვენი ჰიტი, დუეტები, მათ შორის თიკა ჯამბურიასთან... საინტერესო სანახავი იქნება, 20 წელი გავიდა, ყველა გაიზარდა. ის პატარა თიკაც ახლა უკვე დიდი გოგოა... და რაც მთავარია, სიურპრიზს ვუმზადებთ ჩვენს მსმენელს, რომელზეც უკვე დარბაზში გახდება ცნობილი.


- ვინ გეხმარებათ?


- მერია, მოლაპარაკებები გვაქვს კულტურის სამინისტროსთან, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია დღეს კულტურის სამინისტროს ფუნქციები. ბევრი რამ შეცვლილა. აქამდე კულტურის სამინისტრო მომღერალს კონცერტის გაკეთებაში ეხმარებოდა. დღეს გვეუბნებიან, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ...


- დარბაზის საიჯარო თანხაზეა, ალბათ, საუბარი...


- ჰო, აბა, ფულს კი არ ვთხოვთ...

 

- დათო, როგორ გგონია, რა სეგმენტი, როგორი მაყურებელი მოვა თქვენს საიუბილეო კონცერტზე?


- ვერ გეტყვით. დღეს თინეიჯერებში ისევ პოპულარულია ჩვენი სიმღერები. სავარაუდოდ, ჩვენი კონცერტი ორ თაობას გააერთიანებს, ალბათ, მოვა ჩვენი თაობა თავის თინეიჯერ შვილებთან ერთად... ფილარმონიაც სიმბოლურია, ჩვენი პირველი კონცერტიც სწორედ ამ დარბაზში გაიმართა. გახსოვთ, ალბათ, მათ, ვინც დარბაზში ვერ მოხვდა, შენობის მინები ჩაამსხვრიეს. იმედია, ახლა ეს აღარ განმეორდება.


„პრაიმტაიმი" გოგა ხაჩიძესაც დავუკავშირდა.




- გოგა, „პრაიმტაიმიდან" გიკავშირდებით. ერთი აპოლიტიკური კითხვა მაქვს, თუ ცუდ დროს არ გირეკავთ.


- კი ბატონო, გისმენთ.


- „სახის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გეგმავს ჯგუფი. როგორც შევიტყვეთ, არ მონაწილეობთ. თუ შეიძლება მიზეზი ვიცოდეთ...


- რა ვიცი, სხვა გეგმები მაქვს...

 

- ყოველდღიურად კონცერტებზე რომ არ გამოდიხართ და სხვა ინტერესები გაქვთ, ეს ვიცით. 20 წლის იუბილეზეა საუბარი. ამიტომ გეკითხებით.


- არა, ჩემი გეგმები მაქვს, სხვა, მუსიკასთან დაკავშირებით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი