logo_geo
მარიკა თხელიძე: შვილი რომ გავაჩინე, მეუღლეს უკვე დაშორებული ვიყავი
- +

9 მარტი. 2021. 00:02

 

მომღერალი მარიკა თხელიძე 27 წლის იყო, როცა დედა გახდა. ნიკოლოზი რომ დაიბადა, მარიკა მეუღლესთან უკვე დაშორებული იყო და მშობლების მთელი ტვირთი მას დააწვა. თუმცა, გვერდით ედგა დედა და ბავშვის აღმზრდელი, რომელიც დღემდე ზრუნავს ნიკოლოზზე. მომღერალი დედის ამპლუაში ჩავწერეთ.

 

- მარიკა, როგორი იყო დედობის პირველი შეგრძნებები?

 

- 2016 წელს დაიბადა ნიკოლოზი, 27 წლის ვიყავი. ძალიან მინდოდა შვილი და სრულიად გაანალიზებული მქონდა ყველაფერი. დაბადების წამიდან სულ სხვანაირად შეცვალა ამ პატარა ადამიანმა ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირი სიყვარული ყოფილა შვილი, ესაა უდიდესი სტიმული, რომელიც ბევრ

კარგ რამეს გაკეთებინებს.

 

- მშობიარობის შემდეგი პერიოდი როგორ გადაიტანე, ხშირად დეპრესია ეწყებათ ქალებს..

 

- რამდენადაც მეგონა, რომ სრულიად გააზრებული მქონდა ჩემი ეს ნაბიჯი და მზად ვიყავი, გზადაგზა ვაცნობიერებდი, რომ თურმე, მთლად ასეც არ ყოფილა. უბრალოდ ცხოვრებაში რაღაცებს ვერ გათვლი, მაშინ მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო და ნიკოლოზი რომ გავაჩინე, უკვე მეუღლეს დაშორებული ვიყავი. თუმცა, დედა სულ და ყოველთვის გვერდით მყავდა და მყავს, ასევე ნათია, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია და დაბადებიდან მეხმარება ნიკოლოზის გაზრდაში. ვთვლი, რომ ძლიერი ვარ და ეს რთული პერიოდიც გადავიტანე, თანდათან ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

 

- ალბათ ასეთ სიტუაციაში პირველი ეტაპი ყველაზე რთულია...

 

- კი ასეა, თავიდან, პირველი ეტაპი ძალიან რთულია, მერე ნელ-ნელა ლაგდები.

მაშინ, როცა ნიკოლოზი ჩვილი იყო, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი, მქონდა კონცერტები და თქვენ წარმოიდგინეთ, 5 თვის ბავშვი მებუტებოდა, თუ დიდხანს ვერ ვნახავდი და მიებმებოდა ისე, რომ საკმარის დროს ვერ დავუთმობდი.

 

 

- რაში გამოიხატებოდა ეს?

 

- მაიგნორებდა. იცით, როგორ? მისი აღმზრდელი ან დედაჩემი ამ ყველაფერს რომ არ შესწრებოდნენ, არ დამიჯერებდნენ. 5 თვის რომ იყო, მაშინაც კი ვესაუბრებოდი იმაზე, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და ამიტომ ვერ ვრჩებოდი მასთან დიდი ხნით, თუმცა არც კი მიყურებდა, ბოდიშს რომ მოვუხდიდი, ამის შემდეგ მოატრიალებდა ხოლმე თავს ჩემსკენ და გამიღიმებდა. მანამდე არც კი მიყურებდა, მე თვითონ გაოცებული ვიყავი, ხომ გეუბნებით. არავინ თქვას, რომ პატარა ბავშვს არაფერი ესმის. დღემდე ასეა, ნიკოლოზს როგორც უფროსს ისე ვესაუბრები. იცის, რა მაბრაზებს, რა არ მსიამოვნებს და იმას არ აკეთებს, ვგრძნობ, რომ ჩემი რიდი აქვს და არა შიში. სწორედ რომ რიდი და პატივისცემა უნდა ჰქონდეს შვილს მშობლების მიმართ. გაიზარდა და იცვლება ნელ-ნელა. გარდა ამისა, ნიკოლოზი დამყავდა შალვა ამონაშვილის აკადემიაში, პანდემიის გამო დაიკეტა აკადემია და ახლა ვაპირებთ განვაახლოთ სიარული, მეც დიდი ინტერესით ვუსმენ შალვა ამონაშვილის რჩევებს და ვცდილობ, გავითვალისწინო.

 

- პანდემიამდე ან ახლა ნიკოლოზი ბაღში დადის?

 

- მივიყვანე 3 წლის ასაკში, მაგრამ რატომღაც ვერ შეეგუა და აღარ გავაწვალეთ. დედა ყოველთვის მეხმარებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, ისევ ნათიასთვის გვეთხოვა, ყოფილიყო ნიკოლოზთან.

 

- პანდემიის დროს ნიკოლოზისთვის თავადაც ბევრი დრო გამოგიჩნდებოდა...

 

- კი, ასეა, ონლაინ ვმუშაობთ. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ გადააფასა, ძალიან მენატრებოდა ნიკოლოზთან ერთად დროის თავისუფლად გატარება, სახლში უფრო დიდი ხნით ყოფნა და ამ პერიოდში ეს სურვილები ავისრულე.

 

- თუ შეიძლება გკითხო, აქვს თუ არა ნიკოლოზს მამასთან აქტიური ურთიერთობა?

 

- აქტიური არა, ოღონდ ეს ჩემგან გამომდინარე ნამდვილად არ ხდება.

 

- როგორც დედა, გრძნობ, რომ შენი შვილი მამის დანაკლისს განიცდის?

 

- მე ვარ უმამოდ გაზრდილი და ჩემთვის ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად არ ვუყურებ. ყოველთვის მინდოდა, ჰქონოდა ჩემს შვილს, ის რაც მე მაკლდა. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა, გადაწყვეტილებაც მარტივად ან დაუფიქრებლად არ მიმიღია. მაგრამ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ არის.

 

 

- არ ფიქრობ კიდევ ამ ნაბიჯის გადადგმაზე, თუნდაც იმიტომ, რომ დედმამიშვილი ჰყავდეს ნიკოლოზს?

 

- წინასწარ არ ვგეგმავ არაფერს, ამ წუთას ამ საკითხზე ორიენტირებული არ ვარ, ვნახოთ ცხოვრება რას მოიტანს.

 

https://www.mshoblebi.ge/dedebis-saloni/akhali-ambebi/20453-tradiciul-ojakhshi-var-gazrdili-da-chemthvis-advili-ar-iyo-ojakhis-dangreva-vin-ekhmareba-marika-thkhelidzes-shvilis-aghzrdashi-da-ra-shecvala-pandemiam-mis-ckhovrebashi.html?fbclid=IwAR1N3QqG-Y6OeQXYDcD1kRGp5hvy8deV8FSZulQXcFxG-cnyYQFik52Y77c

 

big_banner
არქივი