logo_geo
პრინცი ენდრიუ სამხედრო წოდებების და სამეფო პატრონაჟის გარეშე დარჩა
- +

14 იანვარი. 2022. 15:52

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალ, ელისაბედ მეორის თანხმობით, მის ვაჟს, პრინც ენდრიუს აღარ აქვს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი.

 

გარდა ამისა, ბუკინგემის სასახლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, იორკის ჰერცოგი ენდრიუ არ შეასრულებს სამეფო ოჯახის წევრის საზოგადოებრივ ვალდებულებებს და მის წინააღმდეგ არსებულ საქმეში თავს დაიცავს, როგორც კერძო პირი.

 

BBC-ის წყაროების ინფორმაციით, პრინცმა ენდრიუმ დაკარგა ტიტულიც „თქვენო სამეფო უმაღლესობავ“.

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ეს გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღო, რაც პრინც ენდრიუს ადვოკატებმა ამერიკული სასამართლო ვერ დაარწმუნეს, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ პრინცის მიმართ არსებული ბრალდების განხილვა.

 

იორკის პერცოგს, რომელსაც თებერვალში 62 წელი უსრულდება, ბრალს სდებს 38 წლის ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე. ის ერთ-ერთი მოწმე იყო ამერიკელი მილიარდერის, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვასა და ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში. ჯუფრე ირწმუნება, რომ ეპშტეინის წვეულებებში მონაწილეობდა პრინცი ენდრიუც და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა 17 წლის იყო, მასზე სექსუალურად იძალადა. იორკის ჰერცოგი ბრალდებებს უარყოფს.

 

 

big_banner
არქივი