logo_geo
დედა, როგორც მოტივაციის საუკეთესო წყარო - როგორ აქცია იოლანდა ჰადიდმა ქალიშვილები სუპერმოდელებად და თანამედროვე სტილის ხატებად
- +

11 ივნისი. 2022. 21:16

 

 

სუპერმოდელი დების დედა, იოლანდა ჰადიდი ყოფილი მოდელია და ჯიჯისა და ბელას წარამატებას მის შეუპოვარ და ძლიერ ხასიათს მიაწერენ. ცხოვრების პირველ 20 წელიწადში იოლანდა ჰადიდი ჰოლანდიური ფერმის მუშაკიდან და ჭურჭლის მრეცხავიდან პოდიუმზე გადავიდა და მიზნისკენ სწრაფვის სურვილი ქალიშვილებსაც გადასცა.

 

იოლანდა ჰადიდმა მამა ადრე დაკარგა, ამიტომ დედამ ის და მისი ძმა მარტომ გაზარდა. გოგონა ყველაზე მეტად საცხენოსნო სპორტში წასვლაზე ოცნებობდა. იოლანდას არ რცხვენია იმ ფაქტის გახსენება, რომ ახალგაზრდობაში ფერმაში მრავალი საათი უწევდა მუშაობა, სადგომის წმენდა და ცხოველების გამოკვება, მაგრამ სამაგიეროდ, ცხენების ტარების შესაძლებლობა ჰქონდა. საკმარისი ფული არასდროს ჰქონდა და შაბათ-კვირას, ნახევარ განაკვეთზე, ადგილობრივ ჩინურ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. "დღის ბოლოს სამზარეულოში ისეთი ჭუჭყიანი და სუნიანი ვხდებოდი, რომ დედაჩემი სახლში შესვლამდე მხდიდა ტანსაცმელს და პირდაპირ აბაზანისკენ მიშვებდა." - იხსენებს იოლანდა.

 

მის ცხოვრებაში ამსტერდამის მოდის ჩვენება გარდამტეხი მომენტი იყო. სწორედ იქ დაინახა დიზაინერმა მაღალი, ქერა გოგონა და ერთ-ერთი მოდელის შეცვლა სთხოვა. "არასდროს გამიკეთებია მაკიაჟი, არასდროს მცმია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ მახსოვს, ვუყურებდი სხვა გოგონებს და მათ სიარულის მანერაში ვბაძავდი." იმ დღეს იოლანდა სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა ნახა და ასე დაიწყო კარიერა.

 

იოლანდა მოდელად 15 წლის განმავლობაში მუშაობდა, სანამ უძრავი ქონების მდიდარ დეველოპერ მოჰამედ ჰადიდს არ შეხვდა. მათი ქორწინება მხოლოდ 6 წელი გაგრძელდა, მაგრამ, ამ ხნის განმავლობაში ბელა, ჯიჯი და მათი ძმა, ანვარი დაიბადნენ. პოდიუმის დატოვების შემდეგ ყოფილმა მოდელმა მთელი ყურადღება შვილებზე გადაიტანა. იოლანდას უყვარს საუბარი იმაზე, თუ როგორ ზრდიდა ქალიშვილებს. მაგალითად, როცა დები 4 და 5 წლის იყვნენ, დედამ ისინი ლოს-ანჯელესის ცენტრში წაიყვანა და უსახლკარო ადამიანები აჩვენა. მისი აზრით, გოგონებს ამ მაგალითით თავმდაბლობისა და მადლიერების გაკვეთილი უნდა ესწავლათ და დაეფასებინათ ის, რაც ჰქონდათ. ბავშვებს არასოდეს ჰქონიათ დიზაინერული ტანსაცმელი და განსაკუთრებით ძვირად ღირებული ნივთები. ჯიჯიმ, ისევე, როგორც ბელამ, Chanel-ის პირველი ჩანთა 18 წლის ასაკში შეიძინა.

 

 

 

 

ყოველდღე გოგონები ცხენოსნობით იყვნენ დაკავებულნი, შაბათ-კვირას კი ცხენების გამოფენებზე მიდიოდნენ. დილის 4 ან 5 საათზე დგებოდნენ. იოლანდას სჯეროდა, რომ სპორტი მისი შვილების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებდა.

 

იოლანდასთვის ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „მოჰამედთან დავდე ფსონი და ვუთხარი: "21 წლის ასაკისთვის ჩვენი სამივე შვილი ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება და საკუთარი ცხოვრება ექნებათ-თქო. თუ მე ამის გაკეთება შევძელი, მაშინ ჩემს შვილებსაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ." - თქვა იოლანდამ.

გოგონებს საკუთარი ოცნებები ჰქონდათ: ბელა ემზადებოდა, რომ პროფესიონალი ცხენოსანი გამხდარიყო და ოლიმპიადაზე მიეღო მონაწილეობა, მაგრამ, ლაიმის დაავადებამ მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა. შემდე ფოტოგრაფიით დაკავდა. ჯიჯი სამოდელო კარიერის დაწყებამდე, 2 წლის განმავლობაში კრიმინალურ ფსიქოლოგიას სწავლობდა, მაგრამ, შემდეგ მიატოვა ლექციები და სამოდელო ბიზნესში ჩაება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი