logo_geo
ემბერ ჰარდი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
- +

5 ივლისი. 2022. 17:11

 

 

ემბერ ჰარდის ადვოკატებმა სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა მსახიობის ყოფილ ქმართან, ჯონი დეპთან სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მაისის ბოლოს ჰარდი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს. როგორც „Daily Mail“-მა გაარკვია, ჰარდის ადვოკატებმა განაცხადეს, ჯონი დეპის გუნდმა არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება სასამართლოში, რომ სწორედ ემბერის ბრალდებებმა შელახა მსახიობის რეპუტაცია და კარიერა.

 

„ჯონი დეპმა არ მოგვაწოდა რეალური მტკიცებულებები. არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ქალბატონი ჰარდის განცხადებები ფაქტობრივად მცდარი იყო“,- ნათქვამია დოკუმენტებში. გარდა ამისა, მსახიობის დამცველებს ეჭვი ეპარებათ ნაფიც მსაჯულთა ნაწილის კომპეტენციაში. ჯონი დეპის ერთ-ერთი დამცველი, ადვოკატი ბენ ჩუ გამოეხმაურა ჰარდის მოთხოვნას ნაფიც მსაჯულთა განაჩენის გაუქმების შესახებ.

 

„ამას ველოდით, ახლა ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ყველაფერმა მთლიანად შეცვალოს სურათი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. მანამდე, ემბერ ჰარდმა ინტერვიუში ჯონი დეპთან სასამართლო პროცესზე ისაუბრა: „როგორ შეძლებდნენ ისინი განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას? სამი კვირის განმავლობაში უსმენდნენ ანაზღაურებადი თანამშრომლების ჩვენებებს, სასამართლო პროცესის ბოლოს კი, შემთხვევითი ადამიანების ჩვენებებს. მე მათ არ ვადანაშაულებ, მესმის მათი. ის ხალხის საყვარელი პერსონაჟი და ფანტასტიკური მსახიობია“.

 

მსახიობმა ადვოკატების მეშვეობით ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიერ დადგენილი 15 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ემბერ ჰარდმა აღნიშნა, რომ დაწერს წიგნს, რომელშიც თავის ვერსიას მოჰყვება მომხდარი მოვლენების შესახებ.

 

 

big_banner
არქივი