სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანის მერი პაკ ჰენ ჩჟუნი მუსიკალური ჯგუფის BTS-ის წევრების სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ The Independent წერს.
შესაბამისი თხოვნით პუსანის მერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს მიმართა და BTS-ის წევრებისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შეთავაზების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, ჯგუფის წევრები საერთაშორისო ფესტივალ 2030 World Expo-ს ელჩები არიან და პუსანში დაგეგმილ ღონისძიებას უნდა დაესწრონ.
პუსანის მერის თქმით, ალტერნატიული სამხედრო სამსახურის პირობებში BTS-ის წევრები ქვეყნის სამსახურში „იმას გააკეთებენ, რაც მხოლოდ მათ გამოსდით“.
სამხრეთ კორეაში მოქმედი კანონის მიხედვით, 18-28 წლის ასაკის ყველა მამაკაცი ვალდებულია, 2-წლიანი სამხედრო სამსახური გაიაროს. ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლა ოლიმპიურ ჩემპიონებს, სახალხო და კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს შეუძლიათ.