logo_geo
დემნა გვასალია: საქართველოში ვერ ვბრუნდები, რადგანაც მოკვლით მემუქრებიან
- +

21 ოქტომბერი. 2022. 16:46

 

 

„Balenciaga“-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ამბობს, რომ ის საქართველოში ვერ ბრუნდება, რადგანაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო მას მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ გვასალიამ nytimes.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

გვასალია სოხუმიდან დევნილია. 1993 წელს, როდესაც აფხაზურმა შენაერთებმა სოხუმი აიღეს, მისმა ოჯახმა სოხუმიდან გაქცევა მოახერხა. გვასალია იხსენებს, რომ თბილისისკენ ჯერ მანქანით მიდიოდნენ, მაგრამ შემდეგ მოუწიათ ფეხით წასვლა. და საქართველოს დედაქალაქამდე ჩასვლას 3 კვირა დასჭირდა.  მაშინ დემნა 11 წლის იყო.

 

დემნას ოჯახმა მაშინ თბილისამდე უვნებელმა ჩააღწია, მაგრამ სამშობლოს შესახებ გვასალია სინანულით იხსენებს - საქართველოში ახლა დაბრუნება არ შეუძლია, რადგანაც ღია გეია, ხოლო მისი სანათესავო ჰომოფობები არიან.

 

„საქართველოში მე ვერ დავბრუნდები. სიკვდილით მემუქრებიან, თუ იქ ჩავალ. ერთ-ერთი მათგანი ბიძაჩემია“, - ამბობს დემნა გვასალია. 

 

მისი თქმით, პირველი საყვარელი კაცი 25 წლის ასაკში ჰყავდა, თუმცა ,მშობლებმა ამის შესახებ გაიგეს, როდესაც დემნა 32 წლის იყო. დემნა ამბობს, რომ ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდა, თუმცა, ზოგიერთი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა.

 

2016 წელს დემნა გვასალიამ ინტერნეტით თავისი მომავალი ქმარი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ლოიკ გომესი გაიცნო. 2017 წელს ისინი დაქორწინდნენ. ახლა დემნა გვასალია 42 წლის ქმართან ერთად შვეიცარიის ქალაქ ციურიხთან ახლოს ცხოვრობს. მათთან ერთად ცხოვრობს, ასევე, დემნას დედა.

 

დემნა გვასალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი ანტვერპენში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში, სადაც ტანსაცმლის დიზაინის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

 

დემნა გვასალია იყო „Maison Margiela“ და „Louis Vuitton“-ის ბრენდების წამყვანი დიზაინერი, ხოლო 2014 წელს მან ბრენდი „Vetements“ შექმნა, რომლის მთავარი დიზაინერი იყო 2019 წლამდე. 2021 წელს „Vetements“-ის კრეატიული დირექტორი დემნას ძმა, გურამ გვასალია გახდა. 2015 წლიდან დემნა გვასალია „Balenciaga“-ს კრეატიული დირექტორია. დიზაინერმა მსოფლიო პოპულარობა და აღიარება თავისი არაორდინარული შემოქმედებითი გადაწყვეტილებების და ექსტრავაგანტური შოუების წყალობით მოიპოვა.

 

დემნა გვასალიას მეგობრები და პარტნიორები არიან კიმ კარდაშიანი, კანიე უესტა და ნაომი კემპბელი.

 

 

 

big_banner
არქივი