logo_geo
თბილისში სახელგანთქმული ამერიკელი მევიოლინის, სტელა ჩენის კონცერტი გაიმართება
- +

23 ნოემბერი. 2023. 15:30

 

 

23 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი - „მუსიკა გვაერთიანებს“, რომელიც სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს ეძღვნება.

 

პროექტი „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი მევიოლინე სტელა ჩენი - ბრიტანული გამოცემა „გრამოფონის“ 2023 წლის „ახალგაზრდა არტისტის“ ჯილდოს ლაურეატი. პრემია Gramophone Classical Music Awards ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც ენიჭება ჩანაწერებისთვის კლასიკური მუსიკის სფეროში. ის ხშირად განიხილება როგორც ამერიკული პრემია „გრემის“ ეკვივალენტური ან კიდევ უფრო მაღალი ჯილდო და მოიხსენიება როგორც „ოსკარი“ კლასიკურ მუსიკაში. „გრამოფონის“ პრემია მიიჩნევა ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ ჯილდოდ მსოფლიოში კლასიკური მუსიკის მიმართულებით.

 

სტელა ჩენი ბრიუსელში დედოფალ ელისაბედის მევიოლინეთა კონკურსის პირველი პრემიის, ტიბორ ვარგას სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ლინკოლნის ცენტრის ამომავალი არტისტის ჯილდოს მფლობელია.

 

სტელა ჩენი თბილისში შეასრულებს ბეთჰოვენის კონცერტს ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, რე მაჟორი, თხზ. 61. კონცერტზე ასევე, შესრულდება ენესკუს რუმინული რაფსოდია №1, თხზ. 11 და ისრაელელი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის სიმფონია №3. კონცერტს ასევე, დაესწრება ისრაელიდან სპეციალურად ჩამოსული კომპოზიტორი.

 

სტელა ჩენს პარტნიორობას გაუწევს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ისრაელის ცნობილი კამერული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი და თელავის მუსიკალური ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი, არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://biletebi.ge/classical-music-centre/musika-gvaertianebs-music-unites-us.

 

 

big_banner
არქივი