logo_geo
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ტელეკომპანია CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა
- +

27 ნოემბერი. 2023. 15:02

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა. ვიდეორგოლის „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები დაესწრნენ.

 

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიმართა.

 

მინისტრის განცხადებით, CNN-ის ეთერში ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოსაჩენად.

 

„ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაზეც უკვე წლებია აქტიურად ვმუშაობთ - ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 2017 წელს, კვლევის შედეგებმა დაადასტურა და მსოფლიო საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ღვინის წარმოების რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორიით“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ვიდეორგოლი ქართული ღვინის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მომზადდა. ვიდეორგოლს CNN-ის ეთერით, ერთი თვის განმავლობაში, ათეულ მილიონობით ადამიანი ნახავს.

 

ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ქართული ღვინის მარკეტინგულ გეგმებზე ისაუბრა.

 

„ამერიკელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლის წინაშე საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის კულტურისა და ისტორიის, ასევე თანამედროვე მრავალფეროვანი და უნიკალური მეღვინეობის ინდუსტრიის მქონე ქვეყნის შესახებ CNN-ის ეთერში ვიდეორგოლის განთავსება მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და მისი, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებას. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს; შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 

ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია CNN-თან მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წამომადგენლები შედიოდნენ. ჯგუფის წევრების მიერ შეთანხმდა ვიდეორგოლის ძირითადი კონცეფცია, რომ მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო ქართული ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია, მარადიულ ღირებულებებთან ერთად. ვიდეორგოლი მომზადდა საქართველოში. გადაღებები სექტემბრის თვეში მიმდინარეობდა.

 

ვიდეორგოლი, რომლის  ხანგრძლივობა 30 წამია, ერთი თვის განმავლობაში, დღეში 6-ჯერ, „CNN international“-ზე განთავსდება. არხი მსოფლიოს 200 ქვეყანაში მაუწყებლობს; ვიდეორგოლი დღეში 3-ჯერ გაეშვება „CNN North America“-ის ეთერშიც. „CNN“-თან თანამშრომლობა ასევე მოიცავს  ონლაინ კამპანიას, რაც გულისხმობს, ერთი თვის განმავლობაში, CNN-ის ოფიციალურ გვერდზე: https://edition.cnn.com/travel,  ქართული ღვინის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას.

 

 

big_banner
არქივი